ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია" - ბაიდენი რუსეთის ბირთვულ მუქარას "უპასუხისმგებლოს" უწოდებს


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა. 21 სექტემბერი, 2022 წ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა. 21 სექტემბერი, 2022 წ.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „უპასუხისმგებლო“ ქმედებაა. დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი დაადანაშაულა გაეროს ფუნდამენტური პრინციპების, მისი ქარტიის დარღვევაში.

„ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ამისთვის არასდროს უნდა იბრძოლო“ - აცხადებს ბაიდენი. ამერიკის პრეზიდენტმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო და ხაზი გაუსვა, რომ გაეროს 40-მდე წევრი სახელმწიფო, უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს.

„გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში და სცადა რუკიდან წაეშალა სუვერენული სახელმწიფო. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები“ - განაცხადა ბაიდენმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, "სწორედ დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა ღია ბირთვული მუქარა გამოთქვა ევროპის წინააღმდეგ და თავზე ხელაღებულად უგულებელყო პასუხისმგებლობა, რომელიც იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის მხრივ აკისრია. ახლა რუსეთი იწვევს უფრო მეტ ჯარისკაცს, რომ ბრძოლაში ჩაერთონ და კრემლი აწყობს ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ნაწილების ანექსიის განსახორციელებლად, რაც გაეროს წესდების უკიდურესად მნიშვნელოვანი დარღვევაა. მსოფლიომ უნდა აღიქვას ეს აღმაშფოთებელი ქმედებები ისე, როგორც ეს სინამდვილეში ხდება. პუტინი აცხადებს, რომ ის იძულებული გახდა ემოქმედა, რადგან რუსეთს ემუქრებოდნენ, მაგრამ რუსეთს არავინ ემუქრებოდა და რუსეთის გარდა კონფლიქტი არავის სურდა".

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, რუსეთს არავინ დამუქრებია და კონფლიქტის წამოწყებას მხოლოდ რუსეთის ცდილობდა. მან პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები უკრაინის სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს.

ვლადიმირ პუტინმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფანდი არ იყო, როცა მან თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის შედეგად გამოწვეულ გლობალურ სასურსათო კრიზისს, შეერთებული შტატები განსაკუთრებული ყურადღებით უდგება. ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა სურსათის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის თაობაზეც ისაუბრა.

დღესვე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების წინააღმდეგ საბრძოლველად, დამატებით $2,9 მილიარდს გამოყოფს. მიმდინარე წელს, შეერთებულ შტატებს ამ მიზნისთვის უკვე გამოყოფილი აქვს $6,9 მილიარდი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG