ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში გაძვირდა ბილეთები საქართველოს, თურქეთის, სომხეთის და დუბაის მიმართულებით


ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში თვითმფრინავის ბილეთების საფასური ძალიან გაძვირდა. მას შემდეგ რაც დღეს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. ამას მოწმობს გაზრდილი მოთხოვნა ავიაბილეთებზე და შესაბამისად - გაზრდილი ფასებიც.

„გუგლ ტრენდის“ მონაცემებით, რუსეთში ახლა ყველაზე პოპულარული მიმართულებებია: თურქეთი, სომხეთი, საქართველო და დუბაი. „თურქეთის ავიახაზების" ცნობით, თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები 21-დან 26 სექტემბრის პერიოდში გაყიდულია, ბილეთები ხელმისაწვდომია მხოლოდ 27 სექტემბერს და მისი ფასი რეკორდულად არის გაზრდილი. ერთი გზა საშუალოდ 183 000 რუბლს აღემატება, რაც დაახლოებით 2 985 ამერიკული დოლარია.

მოსკოვი თბილისის მიმართულება
მოსკოვი თბილისის მიმართულება

მოსკოვში განსაკუთრებით გაძვირდა ბილეთები სტამბოლის (თურქეთი) და ერევნის (სომხეთი) მიმართულებით. ორივე ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ აძლევს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას. პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებისთანავე, სტამბოლის და ერევნის ბილეთები ყველა რეისზე ოთხშაბათის ჩათვლით გაიყიდა.

თურქეთისკენ თუ გასულ კვირას ბილეთები 22 000 რუბლს შეადგენდა, ამ დროისთვის მათი ფასი საშუალოდ 70 000 რუბლია, რაც 1 150 ამერიკული დოლარია. ამასთან, ბილეთები კვირა დღის ჩათვლით, სრულად გაყიდული ან დაჯავშნილია. დუბაის მიმართულებით ყველაზე იაფი ბილეთის ფასი ახლა 5 000 დოლარს შეადგენს.

სანკტ-პეტერბურგი თბილისის მიმართულება
სანკტ-პეტერბურგი თბილისის მიმართულება

პუტინმა დღეს განაცხადა, რომ 300 000 რეზერვისტის სასწრაფო გამოძახება უნდა მოხდეს, რათა მათ გაიარონ გადამზადება და შემდეგ გააგზავნონ ისინი ფრონტის ხაზზე. პუტინის ამ განცხადებამ რუსეთის მოქალაქეებში შიში გააჩინა, რომ შესაძლოა, გარკვეული ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალოთ.

პუტინის განცხადება მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა და დააზუსტა. სერგეი შოიგუს თქმით, გაწვევა შეეხებათ მხოლოდ პროფესიონალ, გამოცდილ ადამიანებს, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება. მისი განცხადების მიხედვთი, არ მოხდება სტუდენტების გაწვევა.

რაც შეეხება საზღვრების დაკეტვას და მოგზაურობის აკრძალვას, რუსეთის ტურისტული სააგენტო აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცხოეთში მოგზაურობაზე რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვები არ აქვთ. თუმცა, 19 სექტემბერს, ევროპის კავშირის 4-მა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ამოქმედდა რუსი ტურისტების ქვეყანაში შეშვების აკრძალვის განკარგულება. ორშაბათიდან ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში ძალაში შევიდა რუსეთის მოქალაქეთა შეშვებაზე აკრძალვა შენგენის ტურისტული ვიზებით.

ჯერჯერობით უცნობია, შეიზღუდება თუ არა რუსეთიდან გარკვეული ასაკის ადამიანების გამგზავრება. „გუგლის“ მონაცემებით, რუსები ინტერნეტში ეძებენ, თუ როგორ მოიტეხონ ხელი ან დაიზიანონ თავი, რათა ვერ მოხდეს მათი სამხედრო სამსახურში გაწვევა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა დიაგნოზის მქონე ადამიანებს არ გაიწვევდნენ საყოველთაო გაწვევის გამოცხადების შემთხვევაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG