ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი კოვზიაშვილმა. მანვე თქვა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია.
"ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი - თავისუფალი. მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს", - ეს არის პირველი და ერთადერთი განცხადება, რომელიც "საქართველოს ბანკმა" თავდამსხმელის ფილიალში შესვლის შემდეგ გაავრცელა.
თავდამსხმელი საქართველოს ბანკის შენობაში დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა და მთელი ამ დროის განმავლობაში მძევლად არაერთი ადამიანი ჰყავდა აყვანილი. ის თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა.
შსს-ის ინფორმაციით, შენობაში 12 ადამიანი იყო მძევლად. უწყებამ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო: მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება; მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება; მუხლი 323 - ტერორისტული აქტი; მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.