უკრაინულ კომპანია "ენერჰოატომში" აცხადებენ, რომ ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე არსებული 6 რეაქტორიდან ამჟამად მხოლოდ 1 მუშაობს. განცხადება კომპანიამ დღეს გაავრცელა. შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსების მიერ ოკუპირებულ ატომურ სადგურზე, შესაძლოა რაიმე ინცინდენტი მოხდეს, სულ უფრო იზრდება.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსულმა მხარემ ადგილზე გაეროს ექსპერტები დაუშვა. ამ დროისთვის ზაპორიჟიის ობიექტზე მხოლოდ 2 მათგანი რჩება. გაეროს ექსპერტები ატომურ ელექტროსადგურზე 1 სექტემბერს შეუშვეს.
ზაპორიჟია ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც, საფრთხე ემუქრება როგორც უკრაინას, ისე სხვა ქვეყნებსაც. რუსული სააგენტო "ტასი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაპორიჟიის მიმდებარედ დღესაც სამი აფეთქება გაისმა.
"ამჟამად მხოლოდ მეექვსე ენერგობლოკი მუშაობს, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის უკრაინის ენერგოსისტემას და უზრუნველყოფს ზაპორიჟიის ქარხნის საჭიროებებს“,- ნათქვამია "ენერჰოატომის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთი და უკრაინა ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადგილზე მძიმე შეიარაღების განთავსებაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, რუსეთმა იცის, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, არ მიიტანს შეტევას ასეთ შეიარაღებაზე მოსალოდნელი კატასტროფის შიშით. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს, თუმცა, ასევე უარს ამბობს ტერიტორიის დემილიტარიზაციაზე. მოსკოვის არგუმენტი ისაა, რომ ტერიტორიის დემილიტარიზაციის შემდეგ, ადგილზე ეკოლოგიური კატასტროფა მოხდება.