რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის 6 თვის თავზე, გამოკითხულ ამერიკელთა დაახლოებით 53% უჭერს მხარს ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარებას, სანამ რუსეთი უკრაინიდან მთელ თავის ძალებს არ გაიყვანს. "როიტერის" და "იფსოსის" უახლესი ერთობლივი კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.
გამოკითხვა ადასტურებს, რომ ბოლო თვეებში ეკონომიკურ საკითხებზე წუხილის და შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე ყურადღების მიმართვის მიუხედავად, ამერიკელები მაინც ემხრობიან უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკურ კურსს, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უდგას. ვაშინგტონი უკრაინას რუსეთისგან თავდასაცავად ბევრ სხვა ტიპის დახმარებასთან ერთად, შეიარაღებას და ამუნიციასაც აწვდის.
მაშინ, როცა უკრაინა 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და რუსეთის ქვეყანაში შეჭრიდან ნახევარი წელი სრულდება, ბაიდენის ადმინისტრაცია განცხადებას აკეთებს ქვეყნის უპრეცედენტო დახმარებაზე. უკრაინის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი დახმარების მოცულობა 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის მხრივ პირობას დებს, რომ დაიბრუნებს არამარტო იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიიტაცა, არამედ უფრო ადრე, 2014 წელს კრემლის მიერ ანექსირებულ ყირიმსაც.
რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით მხარდაჭერას, დემოკრატ ამომრჩევლებში უკრაინის უფრო მეტი მხარდამჭერია - გამოკითხულთა 66%, ვიდრე რესპუბლიკელებში, სადაც აღნიშნულ მოსაზრებას გამოკითხულთა 51% ემხრობა. ნახევარზე ოდნავ მეტი - გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ უკრაინის არმიას იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები უნდა მიეწოდოს. ამ მოსაზრებას გამოკითხულ ამერიკელთა მხოლოდ 22% ეწინააღმდეგება.
წინა გამოკითხვებში უკრაინის თავდაცვისთვის შეიარაღებით დახმარებას ამერიკელთა უფრო დიდი ნაწილი უჭერდა მხარს. თუმცა, "როიტერი" ამბობს, რომ კითხვები ზუსტად ერთნაირად არ იყო დასმული, ამიტომ პირდაპირი შედარება უმართებულო იქნება.
ადრეული გამოკითხვების მსგავსად, ამერიკელთა უმეტესი ნაწილი არ თვლის საჭიროდ უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ამ ტიპის ჩარევას გამოკითხული ამერიკელების მხოლოდ 26% ემხრობა. თუმცა, 43% ფიქრობს, რომ უკრაინის მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტში უშუალოდ არ არიან ჩართული, ამერიკის არმიამ წარმომადგენლობა უნდა გაზარდოს.
კვლევის ავტორების განცხადებით, გამოკითხვაში ცდომილების ზღვარი 3.8%-ს შეადგენს.