მოსკოვმა ითხოვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის საკითხი განიხილოს. ინფორმაციას რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „რია" ავრცელებს, რომელიც გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილეს დმიტრი პოლიანსკის ეყრდნობა.
უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. მარტში ობიექტის ტერიტორია რუსეთის ჯარმა დაიკავა. ის ფრონტის ხაზთან ახლოსაა და ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ მოყვა საარტილერიო ცეცხლის ქვეშ. შექმნილი ვითარება ბირთვული კატასტროფის რისკებს და მასთან დაკავშირებულ შიშს ზრდის.
ელექტროსადგურზე მიყენებულ დარტყმებში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. რუსეთი ბირთვული ობიექტის ტერიტორიას იარაღის და საბრძოლო მასალის საწყობად იყენებს.
უკრაინამ თქვა, რომ რუსულმა საარტილერიო დაბომბვამ დააზიანა სამი ელექტრო-გადამცემი ხაზი, რომლებიც სადგურს უკრაინის ქსელთან აკავშირებს და გაფრთხილება გამოთქვა, რომ რუსეთი გეგმავს „ფართომასშტაბიან პროვოკაციას“, რათა სადგურის უკრაინის ქსელიდან ჩახსნა და რუსეთის ქსელზე გადართვა გაამართლოს.
რუსეთის რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სადგურზე ავარიის შემთხვევაში, რადიოაქტიურ მასალას გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკიის მოცვა შეეძლება. სხვა ექსპერტებმა ამ სიაში არაერთი მეზობელი ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც შეიყვანეს.