ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ხერსონისთვის - "დიდი გამარჯვების მოლოდინი" 


ხუთ თვეზე მეტია უკრაინაში რუსეთის ომი მიმდინარეობს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები კონტრ შეტევაზე გადავიდნენ, მთავარი აქცენტი ხერსონზე კეთდება.

აფეთქებულია რუსული ჯარის მომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რამდენიმე ხიდი, განადგურებულია სარკინიგზო ხაზიც, რომლიც ოკუპირებულ ხერსონს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსები რკინიგზის აღდგენას შეძლებენ, თუმცა ის კვლავ დაუცველი დარჩება.

"რასაც მე დღეს ვხედავ არის პოზიტიური განვითარება. უკრაინა ანადგურებს რუსულ საბრძოლო მასალას, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით იერიშები მიაქვს რუსების მიერ კონტროლირებულ ხიდებზე, ეს ძალიან დადებითი მაჩვენებელია. ეჭვგარეშეა, რომ მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გაანადგურონ რუსული ჯარის დიდი რაოდენობა, რომელიც ხერსონის ირგვლივ ხაფანგშია მოქცეული. იმედია ისინი ამას ძალიან სწრაფად გააკეთებენ,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს გენერალი ბენ ჰოჯესი.

კიევის ცნობით, კონტრშეტევის დროს რეგიონში მათ უკვე გაათავისუფლეს 50-ზე მეტი დასახლება, რომელიც მარტის შემდეგ ოკუპირებული იყო. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ახლა ფრონტის ხაზზე გადამწყვეტი მომენტია.

"უკრაინელებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს რუსეთთან რეალური ბრძოლის მოგება. ის ტერიტორიები, რომლებიც კიევის ირგვლივ დაიბრუნეს, რუსეთის უკან დახევას უკავშირდება. რა თქმა უნდა, უკან დახევა თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის იგივე, რაც ბრძოლაში გამარჯვებაა. ასე რომ თუ უკრაინა მოახერხებს ფაქტობრივ გამარჯვებას ბრძოლის ველზე, ეს ფუნდამენტურ ცვლილებას გამოიწვევს,"- ამბობს ანალიტიკოსი ანნა ბორჩევსკაია.

რეფერენდუმი ხერსონში

რუსეთი უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადება. არიგებს რუსულ პასპორტებსაც. რეფერენდუმის გამართვა სექტემბრისთვის დაგეგმილია ხერსონშიც. საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ჯერ კიდევ ივნიშსი ირწმუნებოდა, რომ ხერსონი რუსეთის ნაწილი გახდებოდა.

"წარმატებული კონტრშეტევა არის ის რასაც ჩვენ ყველა ასე ძალიან ველოდებით. ხერსონი ახლა მთავარი წერტილია, ის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურად, იიმკიუჯიიი კნჯასევე გეოგრაფიულად. ხერსონში უკრაინელების წარმატება ხელს შეუშლის რუსებს ამ ტერიტორიის ანექსიაში. სამხედრო თვალსაზრისით უკრაინისთვის ეს დიდი წარმატება იქნება,"- ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი კარლ მალერი.

რუსეთის იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე

რუსული ჯარი, უკრაინელი სამხედროების გატეხვას და გადაღლას ცდილობს. სამხედრო ანალიტიკოსები სწორედ ამას უკავშირებენ უკრაინაში რუსების მხრიდან საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვას. გაეროს მონაცემებით, რუსულ ომს უკრაინაში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 7 000-ზე მეტი კი დაშავდა. ანალიტიკოსები თვლიან რომ შესაძლოა ეს რიცხვი უფრო დიდი იყოს.

"რუსეთს უკრაინაში უამრავ სამოქალაქო ობიექტზე მიაქვს შეტევა. ზოგ შემთხვევაში, სავარაუდოდ შეცდომით არჩევენ სამიზნეებს, ან არასწორად ახდენენ იდენტიფიცირებას. თუმცა მრავალია ისეთი შემთხვევა, როცა მათ სპეციალურად მიაქვთ იერიში სამოქალაქო ობიექტებზე რადგან ფიქრობენ, რომ ამით უკრაინელებს გატეხავენ და შეძლებენ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიონ,"- ამბობს მალერი.

მიუხედავად ძალის დემონსტრირების მცდელობისა, რუსული ჯარი პრობლემებს მაინც ვერ ფარავს.

"აშკარაა, რომ რუსული ლოჯისტიკური ჯაჭვი არ მუშაობს . რუსებს აქვთ უამრავი საარტილერიო საბრძოლო მასალა მაგრამ არ აქვთ უნარი მიაწოდონ ისინი წინა ხაზს. არ აქვთ უნარი შეცვალონ ან შეაკეთონ მოწყობილობები. ვფიქრობ, ამასთან ერთად ისინი დაიღალნენ და აქვთ სამუშაო ძალის პრობლემებიც. ასევე ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ვიდეოებს სადაც ჩანს ძველი აღჭურვილობა და სამხედრო ტექნიკა, რომელსაც რუსები იყენებენ, ისინი გამოუსადეგარია, არ არის მდგრადი. სწორედ ამ მიზეზების გამო მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი,"- აცხადებს გენერალი ჰოჯესი.

კიევი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე სამხედრო ტექნიკის რაოდენობით რუსები დიდ უპირატესობას ფლობენ, სწორედ ამიტომ უკრაინა დამატებით შეიარაღებას ითხოვს.

სამხედრო დახმარება უკრაინისთვის

"დასავლეთი უფრო და უფრო აფართოებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. ვაშინგტონი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან. ევროპულ ქვეყნებს ბევრი იარაღის გაცემა არ შეუძლიათ, რადგან მათ ამ მხრივ დიდი ინვესტიცია ჩადებული არ აქვთ. ამიტომაც ევროპული ქვეყნები ძირითადად ტყვია-წამლის გაგზავნით შემოიფარგლებიან,"- ამბობს კარლ მალერი.

მალერის პოზიციას იზიარებს ანალიტიკოსი ანა ბორჩევსკაიაც. მისი თქმით, ახლა ევროპა "ვაშინგტონზეა" დამოკიდებული.

"ევროპას უბრალოდ აღარ აქვს იმდენი იარაღი, რომ გასცეს. ამის თქმის საშუალებას სხვადასხვა შეფასებები მაძლევს. ევროპელებს ამოწურული მარაგების შესავსებად წლები დასჭირდებათ. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროპა ახლა ვაშინგტონზეა დამოკიდებული,"- აცხადებს ის.

უკრაინას ამ დროისთვის სამხედრო დახმარება 37-ზე მეტმა ქვეყანამ აღმოუჩინა, მთავარი კონტრიბუტორები ამერიკა და დიდი ბრიტანეთია. ვაშინგტონმა კიევისთვის ამ კვირაში დამატეით გამოჰყო 550 მილიონი დოლარის პაკეტი, დახმარება უკრაინაში უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.

"აუცილებელია შეერთებული შტატებისა და ჩვენი სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. უნდა გავაგრძელოთ სანქციები, საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ყველაფერი ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ უნდა გაგრძელდეს,"- აცხადებს ჰოჯესი.

სანქციები

სამხედრო დახმარების მიწოდებასთან ერთად, დასავლეთი სანქციების დაწესებასაც აგრძელებს. ვაშინგტონის მიერ სანქცირებულთა სიაში რამდენიმე მსხვილი რუსი ბიზნესმენი და მათი კომპანიები მოხვდა. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაადო რუსული ელიტის წევრებს და ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებსაც, მათ შორის ალინა კაბაევაცაა, რომელიც მანამდე უკვე მოჰყვა დიდი ბრიტანეთის და კანადის Სანქცირებულთა სიაში. კაბაევა პუტინთან ახლო კავშირშია.

კანადამ სანქცირებულთა სიაში კიდევ 43 ადამიანი და 17 იურიდიული პირი შეიყვანა, ევროკავშირმა კი სანქციები დაადო რუსეთში გაქცეულ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს იანუკოვიჩს და მის შვილს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG