ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელები გაათავისუფლა


უკრაინის პრეზიდენტმა კვირას საღამოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და გენერალური პროკურორი, მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილების მიზეზად, მათ უწყებებში, რუსეთთან კოლაბორაციის შემთხვევების დიდი რაოდენობა დაასახელა.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ზელენსკის ბავშვობის მეგობრის - ივან ბაკანოვის და გენერალური პროკურორის - ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეს უკრაინის მთავრობაში პირველი დიდი საკადრო ცვლილებაა, მას შემდეგ რაც რუსეთი ქვეყანაში განმეორებით შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" დაწერილ განმარტებაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ გადაწვეტილება, უწყებებში რუსეთთან თანამშრომლობის მრავალ შემთხვევას უკავშირდება. ზელენსკის თქმით, სახელმწიფოს ღალატის და რუსეთთან კოლაბორაციის საკითხებზე, ქვეყანაში 651 საქმე გაიხსნა. პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, ბაკანოვასა და ვენედიქტოვას უწყებების 60-ზე მეტი პირი, უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ, რუსეთთან თანამშრომლობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი წყება... ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის შესაბამის ხელმძღვანელებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. „თითოეულ ამ კითხვას გაეცემა სათანადო პასუხი,“ - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანდრი სმირნოვმა თქვა, რომ „ამჟამად ლაპარაკი არაა ამ პირების გათავისუფლებაზე. საქმე ეხება იმას, რომ გენერალური პროკურორი ჩამოაშორეს თანამდებობას, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კი დროებით ჩამოაშორეს მოვალეობების შესრულებას“. სმირნოვის თქმით, ჩატარდება სამსახურებრივი მოკვლევა და გამოძიება, რის საფუძველზეც პრეზიდენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ის არ გამორიცხავს, რომ „შეკითხვები პირადად მათ მიმართაც შეიძლება გაჩნდეს“.

რუსულმა ჯარმა ომის ხუთი თვის მანძილზე მოახერხა, უკრაინის აღმოსავლეთში გარკვეული წინსვლის მიღწევა და ახლა აკონტროლებს ლუჰანსკის მთელ რეგიონს. რუსეთმა ასევე დაიკავა უკრაინის სამხრეთში და სამხრეთ აღმოსავლეთში, ქალაქი ხერსონი და მარიუპოლი.

გაურკვეველი რჩება, როგორ დაეცა ასე სწრაფად სამხრეთში ხერსონი, განსხვავებით კიევის ირგვლივ გამართული სასტიკი წინააღმდეგობისა, რომელმაც აიძულა რუსეთი საბოლოოდ უკან დაეხია და ფოკუსირება მოეხდინა აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონზე.

ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ყირიმის მიმართულების ხელმძღვანელის დაკავების თაობაზე. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გენერალური პროკურორის თანამდებობას, ოლექსი სიმონენკო დაიკავებს.

XS
SM
MD
LG