უკრიანული მხარე ამბობს, რომ გრძელი რადიუსის მქონე რაკეტით მათ ხერსონის რეგიონში ნოვა კახოვკაში რუსეთის იარაღის საწყობი გაანადგურეს. იერიშის შედეგად 52 რუსი ჯარისკაცია მოკლული. რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე მომხდარი იერიშის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე. მისი მტკიცებით, უკრაინელებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ამოიღეს მიზანში.
სამშაბათსვე, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული ძალები კვლავ ახერხებენ ტერიტორიების დაკავებას დონეცკის ოლქში, საითკენაც ახლა მთელი მათი ყურადღებაა მიმართული. ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურების განცხადებითვე, რუსეთი ახლო მომავალში, სავარაუდოდ, კვლავ განაგრძობს უკრაინულ ძალებზე შეტევას და პარალელურად გადაჯგუფებას და ძალების აღდგენას შეეცდება სამომავლო იერიშებისთვის.
დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივი იარში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსული სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 9 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. 5-სართულიანი შენობა რუსულმა რაკეტამ შაბათს დაანგრია. ჩასივი იარი ქალაქ კრამატორსკიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. სავარაუდოა, რომ დონეცკის ოლქხზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად ის რუსების შემდეგი მნიშვნელოვანი სამიზნე იქნება. რუსეთი ახლა ლუჰანსკის ოლქს სრულად აკონტროლებს.