ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული საფრთხის გამო, ნატო მაღალი მზადყოფნის ძალების რიცხვს მნიშვნელოვნად ზრდის


ოთხშაბათს ნატო შეთანხმდა, რომ 2023 წლიდან მაღალი მზადყოფნის ძალების ჯარისკაცთა რაოდენობა 300 ათასს გადააჭარბებს. აქამდე სწრაფი რეაგირების ძალებს 40 ათასი ჯარისკაცი შეადგენდა. სამხედრო ძალის ახალი განლაგება რუსეთისთვის წინააღმდეგობის უკეთ გაწევით არის ნაკარნახევი, რომელსაც ალიანსმა მადრიდის სამიტზე, მთავარი საფრთხის სტატუსი მიანიჭა.

ეს ნაბიჯი ჩაანაცვლებს ნატოს რეაგირების ძალებს, რომელსაც წლების განმავლობაში, რუსეთის თავდასხმის ან სხვა კრიზისის შემთხვევაში, პირველს უნდა ეპასუხა. ახალი მოდელი ჰგავს, ცივი ომის დროს ნატოს ძალების ორგანიზებას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს უთხრა: „დღეს ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს ჩვენს თავდაცვაში და შეკავების ძალისხმევაში ფუნდამენტური გარდაქმნა მოახდინონ რათა უსაფრთხოების ახალ სინამდვილეს უპასუხონ“.

„ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენს საბრძოლო ჯგუფებს ბრიგადის დონემდე გავაძლიერებთ. გარდავქმნით ნატოს რეაგირების ძალებს და მაღალი მზადყოფნის ძალების რიცხვს 300 ათასზე ბევრად მეტად გავზრდით“, დაამატა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ბრიგადაში 3 ათასიდან 5 ათას ჯარისკაცამდეა. ბატალიონში კი, რომელიც წარსულში საბრძოლო ჯგუფს შეადგენდა, ჩვეულებრივ 300-დან 1000 ჯარისკაცამდე იყო.

ამასთან ერთად, აღმოსავლეთ ფლანგზე კონკრეტული რეგიონების დასაცავად, ნატო კონკრეტულ ძალებს მიამაგრებს, იქ მეტი სამხედრო აღჭურვილობის მარაგს შექმნის, რათა საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ძალების განლაგება დაჩქარდეს.

„ცივი ომის შემდეგ ეს პირველად ხდება, რომ წინასწარ განსაზღვრული ძალების ასეთი სახის გეგმები გვაქვს“, თქვა სტოლტენბერგმა

პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ განათავსებს მისი ძალების ახალ მუდმივ შტაბ-ბინას პოლონეთში და გააძლიერებს გრძელვადიან სამხედრო ყოფნას მთელს ევროპაში. ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი ევროპაში დამატებით ამერიკულ გემებს, ავიაგამანადგურებლებს და სამხედრო მოსამსახურეებს გაგზავნის.

XS
SM
MD
LG