ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ხარკივის მიმართულებით დაწინაურდა


უკრაინელი ჯარისკაცები ხარკივის რაიონში ახლახან დაკავებული სოფლის მახლობლად, 15 მაისი, 2022 წ.
უკრაინელი ჯარისკაცები ხარკივის რაიონში ახლახან დაკავებული სოფლის მახლობლად, 15 მაისი, 2022 წ.

კიევმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის მახლობლად რუსეთის არმიას უკან დახევა აიძულა. კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელებმა ამ მიმართულებით რუსეთის საზღვარს მიაღწიეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს, რომ ჯარისკაცები უკვე რუსეთის საზღვართან არიან. ერთ-ერთი ჯარისკაცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და ეუბნება: "ჩვენ აქ ვართ". რუსეთის მხარე მოვლენების ასეთ განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინის არმია ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქის, ხარკივის მიმართულებით დაწინაურდა, კიევი ახლა მეტ ყურადღებას იზიუმის და დონბასის აღმოსავლეთით მიმართავს. კვირას საღამოს გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ემზადება რუსეთის ახალი იერიშებისთვის, რომლებიც დონბასის და სამხრეთ უკრაინის მიმართულებით განხორციელდება. "ოკუპანტებს ჯერ კიდევ არ სურთ იმის აღიარება, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. "სპეციალური ოპერაცია" უკვე გაკოტრებულია", განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"კრემლი კიევის, ხარკივის და ოდესის დაპყრობაზე ოცნებობდა, ამის შემდეგ კი სულ ცოტა, დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებზე" - დაწერა დღეს პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". მისი თქმით, ძალების ნაკლებობის გამო, "რუსეთის ჯარები ლუჰანსკის რეგიონში არიან კონცენტრირებული. ჩვენ ვაგრძელებთ იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას და მოსკოვის ნამდვილი სახის ჩვენებას".

რუსეთმა კი ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე ყურადღება დღესაც გაამახვილა. მოსკოვმა გააფრთხილა სკანდინავიური ქვეყნები "შორსმიმავალ შედეგებზე", რაც მათ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანში წევრობას მოჰყვება.

რუსული მედია აქვეყნებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ რეგიონში "სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება" და ამ ნაბიჯით ფინეთის და შვედეთის უსაფრთხოება არ გაღრმავდება. "მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზიები, რომ ჩვენ ამას მარტივად შევეგუებით" - თქვა რიაბკოვმა.

ფინეთმა ალიანსში გაწევრიანებაზე აქტიური საუბარი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. პრეზიდენტმა საული ნინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა კვირას ნატოს წევრობის განაცხადდთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჰელსინკიში მდებარე საპრეზიდენტო სასახლიდან გააკეთეს. "ეს ისტორიული დღეა", თქვა ნინისტომ. "ახალი ეპოქა იწყება".

ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას შვედეთისგანაც ელიან. ამით დასრულდება შვედეთის სამხედრო მიუმხრობლობის ორსაუკუნოვანი ისტორია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების პროცესი იოლი და უპრობლემო იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG