ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მაკდონალდსი" 30 წლის შემდეგ რუსეთში საკუთარ ბიზნეს ქსელს ყიდის


"მაკდონალდსის" პირველი ობიექტი მოსკოვში, პუშკინის მოედანი, 1990 წლის 30 იანვარი
"მაკდონალდსის" პირველი ობიექტი მოსკოვში, პუშკინის მოედანი, 1990 წლის 30 იანვარი

"მაკდონალდსის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთში 30-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ კომპანია ქვეყანაში ქონებას გაყიდის. სწრაფი კვების ქსელი ერთ-ერთი უდიდესი გლობალური ქსელია, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს ტოვებს. კომპანიამ სამუდამოდ დაკეტა 847 ობიექტი, მათ შორის ცნობილი ფილიალი, რომელიც მოსკოვის ცენტრში, პუშკინის სკვერში მდებარეობს. გასულ წელს "მაკდონალდსის" შემოსავლის 9 %-ს - 2 მილიარდ დოლარს სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ რუსეთში მისი ობიექტები დახურა, ეს თვეში დაახლოებით 55 მილიონი დოლარის ღირებულების ზარალს ნიშნავდა, რადგან კვლავ საჭირო იყო თანამშრომლების, ხელფასების, ქირის, იჯარის, და მომმარაგებლებისთვის საჭირო თანხების გადახდა როგორც რუსეთში, ისე - უკრაინაში.

"მაკდონალდსის" პირველი ობიექტი მოსკოვში 1990 წელს გაიხსნა, როგორც "მომაკვდავი საბჭოთა კავშირის" ნანგრევებზე ამერიკული კაპიტალიზმის აყვავების სიმბოლო. გახსნას 5 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. კომპანიის აღმასრულებელმა ოფიცერმა ქრის კემპჩინსკიმ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში თქვა, რომ "შეუძლებელია იმ ჰუმანიტარული კრიზისის იგნორირება, რომელიც უკრაინაში ომმა გამოიწვია და ასევე შეუძლებელია, რომ "მაკდონალდსის ოქროს თაღები" იმავე იმედსა და პირობას განასახიერებდეს, რამაც 32 წლის წინ რუსეთის ბაზარზე შესვლისკენ გვიბიძგა", - თქვა მან.

"მაკდონალდსი" აცხადებს, რომ რუსეთში ადგილობრივ მყიდველს ეძებენ, რომელიც სავაჭრო ნიშანს შეინარჩუნებს. კომპანიის 62 ათასი თანამშრომელი კი კვლავ მიიღებს ხელფასს მანამ, სანამ საბოლოო ფინანსური ტრანზაქციები არ განხორციელდება. ახალ, პოტენციურ მყიდველთან კი მათი სამუშაო ადგილები გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება უკრაინას, "მაკდონალდსის" რესტორნები იქ დროებით დახურულია, თუმცა ყველა თანამშრომელი ამ დრომდე სრულ ხწლფასს იღებს.

"მაკდონალდსი" ერთ-ერთია იმ დასავლურ კომპანიებს შორის, რომლებიც რუსეთში საკუთარ აქტივებს ყიდის ან ადგილობრივ მენეჯერებს გადასცემს. ქვეყანაში ბიზნესის წარმოების გართულებული გარემოებები ან ფუნქციონირების შეწყვეტის გადაწყვეტილება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ომის წამოწყების გამო დაწესებულ სანქციებს უკრავშირდება. არაერთმა დიდმა კომპანიამ რუსეთი უკვე დატოვა.

XS
SM
MD
LG