ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარპენტერი: რუსეთი გააძლიერებს უკრაინელთა იძულებით გადაყვანას რუსეთში


მაიკლ კარპენტერი, ამერიკის ელჩი ეუთოში
მაიკლ კარპენტერი, ამერიკის ელჩი ეუთოში

„რუსეთმა კიევი ისევ დაბომბა“- ბოლო დღეებში ასეთი სათაურები გაჩნდა მედიაში მას შემდეგ, რაც პირველად რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს თავიდან შეუტია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ რუსული სამხედრო ძალების ძირითადი ფრონტი ახლა უკვე უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთ ნაწილზე გადავიდა, როგორ ჩანს, მოსკოვი, კიევის თავისი გეგმებიდან წაშლას ჯერ არ აპირებს.

ამერიკის ელჩი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ მართალია, რუსეთს თავდაპირველი გეგმის შესრულება და უკრაინის ცენტრალური მთავრობის ჩამოგდება არ გამოუვიდა, თუმცა მათ სხვა, არანაკლებ საზიანო გეგმის შესრულება დაიწყეს.

„რუსეთის თავდაპირველი გეგმა, მართლაც იყო კიევში ცენტრალური მთავრობის დამხობა, რათა ეფექტურად ჩაეგდოთ ხელში უკრაინის მმართველობა. მათ ეს ვერ შეასრულეს და უკრაინამ მოიგო ბრძოლა კიევისთვის და რუსი სამხედროები აიძულა უკან დაეხიათ. ეს სამხედრო ძალები ახლა გადაჯგუფდნენ და დონბასზე აქვთ ფოკუსი. რა თქმა უნდა, რუსეთი, [უკრაინის] იმ ტერიტორიებზე, რომელზეც კონტროლი აქვს, ცდილობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები დაშალოს და ეს შეგვიძლია ვნახოთ მელიტოპოლის მაგალითზე, სადაც მელიტოპოლის მერი მოიტაცეს. მე პერსონალურად შევხვდი მას“,- ამბობს კარპენტერი.

გვაქვს მტკიცებულებისა იმისა, რომ კრემლი, შესაძლოა ემზადებოდეს დადგმული რეფერენდუმისთვის უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში

ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც 57 წევრი ქვეყნისგან შედგება. საინფორმაციო ბროშურის თანახმად, ეუთო წარმოადგენს ფორუმს პოლიტიკური დიალოგისთვის უსაფრთხოების მთელ რიგ საკითხებზე და პლატფორმას ინდივიდების და საზოგადოებების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ერთობლივი ქმედებისთვის. რუსეთი ეუთოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანაა. ამერიკის ელჩი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ ორგანიზაციის წევრებს აქვთ უტყუარი მტკიცებულებები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერიტორიებზე, სადაც კონტროლს მოიპოვებენ, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ნაცვლად, საკუთარი მოკავშირეების დანიშნვას ცდილობენ.

„რეალობა ისაა, რომ რუსეთმა მარიონეტული რეჟიმები დააყენა, რომლებიც დამოკიდებულები არიან რუსეთის ქრთამზე და რომლებმაც ე.წ "სახალხო საკონსულოების" შექმნის ორგანიზება დაიწყეს, რათა ყალბი კონსტიტუცია შეემნათ.

გვაქვს მტკიცებულებისა იმისა, რომ კრემლი, შესაძლოა ემზადებოდეს დადგმული რეფერენდუმისთვის უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში“,- განმარტავს კარპენტერი.

სამშაბათს რუსულმა ჯარებმა თქვეს, რომ "გაათავისუფლეს" ხერსონის რეგიონი სამხრეთ უკრაინაში და ახლა ისინი ამ ტერიტორიაზე რუსული რუბლის გამოყენებას აპირებენ. საუბარი დაიწყო ე.წ რეფერნდუმზეც, სადაც მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს რეგიონის ე.წ „დამოუკიდებლობის“ გამოცხადებას. მსგავსი რეფერენდუმი, 2014 წელს ოკუპირებული დონბასისა და ლუჰანკსის რეგიონებშიც ჩატარდა. მათი ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებიდან რამდენი საათის შემდეგ კი რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

კარპენტერი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ე.წ რეფერნდუმები არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არ აღიაროს „ლეგიტიმურად, რადგან უკრაინელმა ხალხმა უკვე ნათელი გახადა, რომ ისინი არასდროს დაუჭერენ მხარს ამ რუსულ თავდასხმას. არავინ უნდა მოტყუვდეს ამ თეატრით“.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულია 2,829 ადამიანი, მათ შორის 205 ბავშვია. დაჭრილია 3,180 ადამიანი, მათგან 303 კი არასრულწლოვანია.   

ხალხი კი, რომელიც რუსებს მხარს არ უჭერს და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, რუსეთისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემას წარმოაგდენს. შესაძლოა ამიტომაც, უკრიანელი მოსახლეობის ნაწილს რუსეთის საბჭოთა მეთოდით, გადასახლებით უხდის სამაგიეროს საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის.

„სამწუხაროდ და ტრაგიკულად, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთი გააძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაყვანას რუსეთში, ან დონბასის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ე.წ "ფილტრაციის ბანაკებში“. ჩვენ ვხედავთ ანაგრიშებს, რომლის მიხედვითაც, რუსები ხალხს ამ ტერიტორიებზე უყრიან თავს, შემდეგ კი სასტიკი მეთოდების გამოყენებით აწარმოებენ დაკითხვას უკრაინის მთავრობასთან, ან დამოუკიდებელ მედიასთან ნებისმიერი შესაძლო კავშირის შესახებ. არსებობს ანგარიშები, რომლებიც ამბობს, რომ თუ ასეთი კავშირის შესახებ [რუსები] შეიტყობენ, ადგილი აქვს [უკრაინელების] ცემას, ან წამებას, ვიდრე მათ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გადაიყვანენ, საიდანაც ბევრი [დაკავებული] გაქრა, ან მოკლეს. ამავე ანგარიშების მიხედვით, ისინი, ვინც "ჩააბარებენ" დაკითხვას, რუსეთში, ან რუსების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყავთ.

ჩვენი ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი იტაცებს, აწამებს და/ან კლავს ადგილობრივად არჩეულ ლიდერებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს ისევე, როგორც რელიგიურ ლიდერებს“,- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს მაიკლ კარპენტერმა.

უკრაინაში ომი 2 თვე და ერთი კვირაა გრძელდება. 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ეთერში გამოცხადა, რომ რუსეთი იწყებდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის „დენაციფიკაციისთვის“. პუტინისთვის უკვე კარგად გამოცდილი რიტორიკით, რომ უკრაინაში რუსებსა და თავად უკრაინელებსაც, უკრაინაში საფრთხე ემუქრებოდათ, რომ ისინი რუს სამხედროებს უნდა „გადაერჩინათ“, კრემლმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო თავისი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულია 2,829 ადამიანი, მათ შორის 205 ბავშვია. დაჭრილია 3,180 ადამიანი, მათგან 303 კი არასრულწლოვანია.

XS
SM
MD
LG