მოლდოვის ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. მოსკოვი კი "სერიოზულ შეშფოთებას" გამოთქვამს იმ ორი აფეთქების გამო, რომლებმაც დნესტრისპირეთის რეგიონში საბჭოთა პერიოდის რადიო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მოლდოვის ხელისუფლება დნესტრისპირეთში დაძაბულობის ზრდის თაობაზე მინიშნებებს არ აკეთებს, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა, იზრდება შეშფოთება ამ რეგიონის ომში ჩართვის შესახებაც. რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დნესტრისპირეთში მუდმივი ბაზები ჰყავს განლაგებული. კიევი შიშობს, რომ რეგიონი შესაძლოა უკრაინაზე ახალი თავდასხმის ბაზად იყოს გამოყენებული.
'26 აპრილს გათენებისას, სოფელ მაიაკში, გრიგორიოპოლის რაიონში ორი აფეთქება გაისმა", - ამბობს რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრი. სამოქალაქო პირები არ დაზარალებულან, თუმცა ორი რადიო ანტენა მწყობრიდან გამოვიდა.
თუმცა მეორე მხრივ, რუსული მედია "ტასი" იტყობინება, რომ დნესტრისპირეთის უშიშროების საბჭომ თავდასხმას "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა, რომლის სამიზნეც მისი მტკიცებით, ქალაქ ტირასპოლის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზა იყო.
კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ეს სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა.
დნესტრისპირეთის არაღიარებული პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "ტერორისტული საფრთხის" შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ამ მიზეზით ქალაქების შესასვლელებთან საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდება. ყველა ავტომობილი, რომელიც ქალაქებში ღამით შევა, შემოწმდება.