ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლიდან ევაკუაციის ჩაშლას მხარეები ერთმანეთს აბრალებენ


ხედი მარიუპოლზე, უკრაინა. 3 მარტი, 2022 წ.
ხედი მარიუპოლზე, უკრაინა. 3 მარტი, 2022 წ.

უკრაინაში პრორუსი სეპარატისტები და უკრაინის ეროვნული გვარდია საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუაციის ჩაშლას ერთმანეთს აბრალებენ. დღეს მხარეებმა ბლოკადაში მყოფი მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა უკვე მეორედ სცადეს.

ტელეარხმა "უკრაინა-24" აჩვენა ეროვნული გვარდიის აზოვის ქვედანაყოფის მეომარი, რომელიც ამბობს, რომ საპორტო ქალაქი კვლავ იზოლირებულია. მისი თქმით, ისევ იბომბება ის ტერიტორია, სადაც უსაფრთხო დერეფანი უნდა მოწყობილიყო, რათა 400 000-იანი ქალაქის მოსახლეობას მისი დატოვების საშუალება ჰქონოდა. კიევი მანამდე აცხადებდა, რომ მარიუპოლიდან გასვლის მსურველების რიცხვი 200 000-ს აღემატება.

სააგენტო "ინტერფაქსი" კი აჩვენებს დონეცკის სეპარატისტული ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უკრაინა არღვევს. მისი განცხადებით, ქალაქი ამ დროისთვის დაახლოებით 300-მა ადამიანმა დატოვა.

რუსულ ძალებს და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ პრორუსულ შენაერთებს, მარიუპოლი უკვე რამდენიმე დღეა ალყაში ჰყავთ მოქცეული. აზოვის ზღვის საპორტო ქალაქში არ არის ელექტროენერგია, წყალი და გაზი. ქალაქს არ მიეწოდება სურსათი და სხვა საარსებოდ აუცილებელი, თუ პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები.

XS
SM
MD
LG