კრემლის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა რუსეთში ამერიკული სოციალური ქსელები დაბლოკეს. მათ შორის არის „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“. კომპანია „მეტა“(ყოფილი ფეისბუქი) ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუხედავად კრემლის გადაწყვეტილებისა ყველა ხერხს მიმართავენ, რათა სერვერებმა მუშაობა შეძლოს.
„მიუხედავად რუსეთის მთავრობის განცხადებისა, რომ ისინი დაბლოკავენ „ფეისბუქს“ ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი სერვერები ხელმისაწვდომი იყოს (მომხმარებლისთვის),“- წერია განცხადებაში რომელიც კომანია „მეტამ“ გაავრცელა.
ნათანიელ გლეიხერი, რომელიც კომპანია „მეტას“ უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელია, ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს.
„არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის მთავრობამ გვთხოვა, ამოგვეღო „ფაქტჩეკის“ ფუნქცია, მთელი რიგი რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. შედეგად, მათ რუსეთში ჩვენი სერვერების შეფერხება დაიწყეს. დღევანდელი მდგომარეობით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სრულად დაბლოკონ ფეისბუქი რუსეთში, როგორც ისინი ამას აკეთებენ სხვა სოციალურ ქსელებთან მიმართებაში,“- ამობს „მეტას“ უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი.
კრემლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ალისა ვანლესი, „კარნეგის ფონდიდან“. მისი თქმით, ახლა კრემლს სჭირდება რუსეთში მისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება შეზღუდოს.
„დასავლური სოციალური მედიების გადაწყვეტილებამ, შეეზღუდათ რუსული სახელმწიფო მედიების ფუნქციონირება, ხელი შეუწყო რუსეთის რეაქციას, დაბლოკა მთავარი საინფრომაციო არხი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი რუსები, ომის მიმართ თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ასე რომ, ეს ართმევს მათ პროტესტის ძირითად საშუალებას. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ასევე ზღუდავს პირდაპირი საჯარო მიმართვების ხელმისაწვდომობას, მაგალითად როგორიც იყო ზელენსკის მიმართვა რუსი ხალხისადმი, სადაც ის ცდილობდა მათი მხარდაჭერა მოეპოვებინა“- ამბობს ვანლესი.
კარნეგის ფონდის წარმომადგენელი აქვე განმარტავს, რომ რუსეთი და ჩინეთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წლებია მხარს უჭერენ ციფრულ სუვერენიტეტს. ვალნლესის თქმით, მათ სურთ, რომ საკუთარ საინფორმაციო სივრცეზე ქვეყანას სრული კონტროლი ჰქონდეს.
რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი კი ვარაუდობს, რომ პუტინის ამ ქმედების უკან „შიშია“.
„ცხადია, რომ პუტინი ხურავს (სოციალურ მედიებს) რადგან მას ეშინია, არა? ... ვფიქრობ ეს მისი გონებრივი მდგომარეობის მაჩვენებელია,“- ამბობს მაკფოლი.
რუსეთმა საინფორმაციო ომში შემდეგი ნაბიჯიც გადადგა - პარასკევს, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რუსი სამხედროების შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელება დასჯადი გახადა, სასჯელად კი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა, მანამდე კი კრემლმა დასავლური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კრიტიკული მაუწყებლები დაბლოკა, მათ შორის „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფლება“, CNN.
რუსულმა მარეგულირებელმა დაბლოკა ტელეკომპანია „დოჟდი“ და რადიოსადგური „ეხომოსკვი“. მედიასაშუალებებმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერეს.