უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასშტაბური შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, კრემლი მხოლოდ 500-მდე დაღუპული სამხედროს შესახებ იტყობინება და ირწმუნება, რომ საპირისპირო მხარეს უფრო მეტი დანაკარგია. ოფიციალურ კიევში კი ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთს ათასობით რუსი ცხედარი გადასცეს, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ.
დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კრემლმა მხოლოდ ერთხელ, 2 მარტს გაავრცელა. დღეს დაღუპულებზე პუტინმაც ისაუბრა, მთავრობის სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა. ვირტუალური შეხვედრის დროს კი პუტინმა მთავრობის წევრებს დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგება სთხოვა.
მანამდეც და მას შემდეგაც, პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი უკრაინაში ომს არ აწარმოებს და ეს სპეცოპერაციაა ნაციზმის წინააღმდეგ. კრემლი ამტკიცებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
„რუსი სამხედროები როგორც გმირები ისე მოქმედებენ. რუსი სამხედროები რუსეთისთვის იბრძვიან. სპეციალური ოპერაცია უკრაინაში, გეგმის მიხედვით მიდის,“- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას არ ანახლებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა, დღეს განცხადება გააკეთა. კოვაშენკომ თქვა, რომ უკაინაში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასული დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან, რაც მისი თქმით, საეთაშორისო ჰუმანიტარულ წესებს არღვევს.
„დასავლეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ყველა დაქირავებული მებრძოლი, რომელიც კიევის რეჟიმს ეხმარება, ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, მწყობრგარეშე მებრძოლები არიან. მათ არ აქვთ ტყვის სტატუსით მინიჭებული უფლებები. საუკეთესო რამ, რაც უცხოელ დაქირავებულს მებრძოლებს დაკავების შემთხვევაში მოელით, არის სასამართლოში წარდგენა. მოვუწოდებთ უცხოელებს, რომლებიც აპირებენ წასვლას უკრაინაში და ბრძოლას კიევის ნაციონალისტური რეჟიმისთვის, წასვლამდე შვიდჯერ დაფიქრდნენ,“- ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი.
იგორ კონაშენკოვმა, აქვე შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინელი და დაქირავებული უცხოელი მებრძოლები, რუსული ჯარის წინააღმდეგ დასავლურ სამხედრო საშუალებებს იყენებენ, რაც მისი თქმით, დაუშვებელია.
„ყველა თვდასხმა ხორციელდება კიევის რეჟიმისთვის, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით. მხედველობაში მაქვს, ჯაველინები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელთა გამოყენებას სერიოზული მომზადება სჭირდება,“- ამბობს კონაშენკოვი.
ამერიკისა და ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვის სურვილი იყო კიევი უკრაინაში შეჭრიდან 90 საათში აეღოთ, თუმცა რუსეთის მიერ წამოწყებული ომიდან ერთი კვირის თავზე რუსეთს არცერთი დიდი რუსული ქალაქი არ აქვს აღებული, მათ შორის კიევი. ხერსონზე აქამდე წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონი აიღო, მაგრამ პენტაგონი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ახლა რუსეთის ტაქტიკაა ალყაში მოაქციოს დიდი ქალაქები და დამანგრეველი საჰაერო თავდასხმები მიაყენოს მათ.
ფაქტებიც ამაზე მიუთითებს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსულ ავიაციას იერიში მიაქვს სხვადასხვა უკრაინულ ქალაქებზე, ძირითადად პორტებზე. ასევე - დასახლებულ პუნქტებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე.
Facebook Forum