ოთხშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გახსნილია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ნავთობის და გაზის მიწოდებაზე სანქციები დააწესოს, მაგრამ მათი ექსპორტის წინააღმდეგ ახლა მოქმედებას, მოსკოვისთვის დახმარების გაწევა შეეძლება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თეთრმა სახლმა რუსეთის ნავთობ-გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენზე, რომელიც ჯერ არ ამუშავებულა, სანქციები დააწესა, მაგრამ ამ დრომდე, სანამ ბაიდენის ადმინისტრაცია ნავთობის გლობალურ ბაზარზე და აშშ-ში ენერგიის ფასებზე გავლენის გათვლებს აწარმოებს, რუსეთის ნავთობის და გაზის ექსპორტი სანქციების სამიზნე არ გამხდარა.
ადმინისტრაციამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაძლიერების შემთხვევაში, შეიძლებოდა რუსული ნავთობი დაებლოკა. „ეს ვარიანტი განხილვის საგნად რჩება, მაგრამ ყველა შედეგის გათვლა გვჭირდება“, უთხრა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ საკიმ „ემ-ეს-ენ-ბი-სის“.
იმავე ტელეარხთან ინტერვიუში, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორის მოადგილემ, ბჰარათ რამამურთიმ თქვა, რომ თეთრ სახლს ამ ნაბიჯის გადადგმა ჯერ არ სურს. „ამ მომენტისთვის, რუსული ნავთობის და გაზის წინააღმდეგ ზომების მიღება ამერიკელ მომხმარებელზე აისახება და სინამდვილეში შესაძლოა უკუშედეგის მომტანი იყოს იმ კუთხით, რომ საერთაშორისო მასშტაბით ნავთობის და გაზის ფასს გაზრდის, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსულ ნავთობის ინდუსტრიას მეტი მოგება ექნება. ამიტომ, ამ დროისთვის ეს არ გვინდა გავაკეთოთ“, თქვა მან.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის მოადგილემ, დალიპ სინგჰმა კი „სი-ენ-ენს“ უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს შეკვეცოს რუსული ნავთობის მოხმარება ისე, რომ ენერგიის გლობალური მიწოდება შენარჩუნდეს.
ბაიდენის ადმინისტრაციას ძალისხმევა დასჭირდა იმის სათქმელად, რომ რუსული ნავთობის გაყიდვები, გასულ კვირაში მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური სანქციების სამიზნე ჯერ არ გამხდარა.
მიუხედავად ამისა, ტრეიდერები და ბანკები მოერიდნენ ტანკერებით და მილსადენებით რუსული ნავთობის გადაზიდვებს, რათა ისე არ გამოჩენილიყვნენ, რომ უკრაინაში შეჭრას აფინანსებდნენ. ამან ენერგიის ბაზრებზე არეულობა შეიტანა.
ზოგიერთმა ამერიკელმა კანონმდებელმა წამოაყენა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ანალიტიკოსების აზრით, ბენზინზე ფასების აწევა შეეძლება. სენატის ენერგეტიკის კომიტეტში გამოჩნდა კანონპროექტი, რომლითაც შესაძლოა რუსული ნედლი ნავთობის, თხევადი საწვავის და გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტი აიკრძალოს.
2021 წელს, აშშ რუსეთიდან თვეში 20.4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი და გადამუშავებული პროდუქტის იმპორტს ახდენდა, რაც ენერგეტიკის ინფორმაციის სააგენტოს თანახმად, აშშ-ს თხევადი საწვავის იმპორტის 8 პროცენტია.
მოსკოვის უკრაინაში შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, ოთხშაბათის მონაცემებით, ამერიკული ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 110.60 დოლარი იყო, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ უმაღლესი ნიშნულია. გლობალური ეტალონი „ბრენტის“ ფასი 112.93 დოლარი იყო, რაც 2014 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.
სამშაბათს, მოშლილი მიწოდების ასანაზღაურებლად, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, რეზერვიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემაზე შეთანხმდნენ.