ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი დღეს საქართველოსა და მოლდოვასგან გაწევრიანების მოთხოვნას მიიღებს


ევროკავშირი მზად არის მიიღოს წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვადან,- უთხრა ხუთშაბათს სააგენტო "როიტერს" ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, განაცხადებებს "დაუყოვნებელი" სტატუსი აქვთ.

განაცხადს დღეს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი. მისი თქმით, ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის, რადგან ის ქვეყნის სახელით აწერს ხელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, "ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული".

უკრაინის შემდეგ, საქართველომაც გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა გაეგზავნა 27-წევრიანი ბლოკისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ, გუშინ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, საქართველო ამას 2024 წელს გეგმავდა და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთებაზე მსოფლიოში შეცვლილი ვითარებით იყო განპირობებული.

„მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც. გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა",- თქვა გუშინ კობახიძემ.

XS
SM
MD
LG