ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლაა დრო ძლიერი დარტყმის - უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მეტ სანქციებს ითხოვს


უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერთა აქცია პარიზში, საფრანგეთი. 22 თებერვალი, 2022 წ.
უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერთა აქცია პარიზში, საფრანგეთი. 22 თებერვალი, 2022 წ.

უკრაინა დღეს მიესალმა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების ფართო სპექტრს. თუმცა, ოფიციალური კიევი მეტი სანქციის დაწესებისკენ მოუწოდებს და ფიქრობს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "შემდგომი აგრესიის" შეკავება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ორი რეგიონის, დონეცკის და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ ჯარების შეყვანა დაიწყო, ერთმანეთის მიყოლებით, სანქციების თაობაზე განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთის, გერმანიის, ევროპის კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის ლიდერებმა.

"პირველი გადამწყვეტი ნაბიჯები გუშინ გადაიდგა და ჩვენ ამისთვის მადლობელნი ვართ" - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" მან იქვე დაწერა: "ახლა პუტინის შესაჩერებლად ზეწოლა უნდა გაიზარდოს. დაარტყით მის ეკონომიკას და წრეს. უფრო ძლიერად დაარტყით. ახლა დაარტყით".

სამშაბათს გამოცხადებული სანქციების ნაწილს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "პირველი ტრანში" უწოდა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა პუტინის შიდა წრის 3 წარმომადგენელი: ალექსანდრე ბორტნიკოვი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; სერგეი კირიენკო, პუტინის ოფისის მაღალჩინოსანი და პეტრე ფრაკოვი, "პრომსვიაზბანკის" თავმჯდომარე. რუსეთს შეუწყდა წვდომა საერთაშორისო დაფინანსების წყაროებზე.

დღეს ვაშინგტონი მოსკოვს გაცილებით უფრო ფართომასშტაბიან სანქციებს უწესებს, რომელშიც ფინანსური ინსტიტუტების და რუსეთის სუვერენული ვალის გარდა, რუსეთის პოლიტიკური ელიტის წევრები და მათი ოჯახის წევრებიც შევლენ.

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ინდივიდს და ორგანიზაციას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლიზ ტრასმა შემდეგი განცხადება გააკეთა: მართალია, "ჯერ სრულმასშტაბიანი შეჭრის მოწმე არ ვართ, მაგრამ გარკვევით ვამბობთ, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი ეკალაციაზე წავა, ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება სანქციების ესკალაციას მოვახდენთ".

ევროპის კავშირმა კი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატები. სანქციები დაუწესდა 351 კანონმდებელს, რომელთაც ლუჰანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნას მოაწერეს ხელი. მათ გაეყინათ საბანკო ანგარიშები და აეკრძალათ ევროპის კავშირის ქვეყნებში მოგზაურობა. "სანქციების ეს პაკეტი დიდ ტკივილს მიაყენებს რუსეთს" - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

გერმანიამ სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში კრიზისის გაღრმავების გამო, ბერლინი ბლოკავს გაზსადენს "ჩრდილოეთის ნაკადი 2". კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, მილსადენის სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია. 22 თებერვალს შოლცმა ჟურნალისტებს გაზსადენთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა: "ტექნიკურად ჟღერს, თუმცა ეს საჭირო ადმინისტრაციული საფეხურია, რათა მილსადენის სერტიფიცირება არ მოხდეს. სერტიფიცირების გარეშე კი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ოპერირებას ვერ დააიწყებს".

დღეს რუსეთს სანქციები ავსტრალიამაც დაუწესა. მათი სამიზნე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრები არიან. "ავსტრალია, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, ყოველთვის წინ აღუდგება მჩაგვრელებს" - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა და იქვე დასძინა, რომ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. გადაწყვეტილება იაპონიამაც მიიღო, სადაც რუსეთის მოქალაქეებს აქტივები გაუყინეს და რუსეთის აქციების გაცემა აკრძალეს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსული ჯარები და ტანკები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ, ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებში. „მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული ძალისხმევიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა“, თქვა სტოლტენბერგმა სამშაბათს, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში. მისი თქმით, "ყველა ნიშანია იმის, რომ რუსეთი გააგრძელებს სრულმასშტაბიანი შეჭრის გეგმის შესრულებას".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG