აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციას გეგმავენ.
გადაწყვეტილების შესახებ, სოციალური ქსელების საშუალებით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა მეთაურმა განაცხადა. დენის პუშლინის თქმით, რუსეთის დათანმხდა მათ საცხოვრებლით უსზრუნველყოფას. გეგმის მიხედვით, თავდაპირველად ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუირება უნდა განხორციელდეს.
მოსკოვს და კიევს, საკითხთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. აჯანყებულთა მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონში, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა რუსულენოვანია და უკვე მინიჭებული აქვთ რუსეთის მოქალაქეობა.
აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, პარასკევს, წლების განმავლობაში ყველაზე ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა მოხდა, ხელისუფლებამ და სეპარატისტებმა ურთიერთბრალდებები წამოაყენეს. დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი ფიქრობენ, რომ დაბომბვა, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო და მეორე დღეს გაძლიერდა, რუსეთის მიერ, შეჭრის საბაბის შექმნის ნაწილია.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ახლა რუსეთმა სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა და უკრაინის საზღვრებზე, 169 000 - 190 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ეს მაშინ, როცა რუსეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჯარების ნაწილი ტერიტორიას ტობვებდა. დასავლეთის ინფორმაციით, იანვრის დასასრულს ჯარის რაოდენობა 100 000-ს შეადგენდა.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ეს ყველაზე დიდი სამხედრო მობილიზაციაა“ - აცხადებს ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელი, მაიკლ კარპენტერი.
პარასკევს დილით, აღმოსავლეთ უკრაინაში 600-მდე აფეთქება დაფიქსირდა - 100-ით მეტი, ვიდრე ხუთშაბათს - აცხადებს სააგენტო „როიტერის“ წყარო.
„ისინი ესვრიან ყველას და ყველაფერს. 2014-2015 წლების შემდეგ, მსგავსი არაფერი ყოფილა“. "როიტერი“ საკუთარ წყაროს ციტირებს, რომლის ვინაობასაც არ ამჟღავნებს. თუმცა, ამბობს, რომ ის დიპლომატიური წრეებიდანაა და ამ კონფლიქტის საკითხებში, მრავალწლიანი უშუალო გამოცდილება აქვს.