ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადის პოლიცია სატვირთოების მძღოლების აქციას შლის


პოლიციის ოფიცრები აქციის მონაწილეებს აკავებენ. 17 თებერვალი, 2022წ. ოტავა, კანადა.
პოლიციის ოფიცრები აქციის მონაწილეებს აკავებენ. 17 თებერვალი, 2022წ. ოტავა, კანადა.

50 წლის განმავლობაში პირველად, კანადის პრემიერ-მინისტრი საგანგებო ძალაუფლებას გამოიყენებს. ამ ბრძანების თანახმად, პარასკევს კანადის პოლიციამ ოტავის ქუჩებში სატვირთო ავტომობილების მძღოლების სამკვირიანი პროტესტი უნდა დაასრულოს და ქალაქი დემონსტრანტებისგან დაცალოს.

მძღოლები, რომელთაც ათასობით სხვა მოქალაქე და 400-მდე ავტომობილი შეუერთდა, პარლამენტის ირგვლივ არიან შეკრებლნი. ეს პროტესტი 2015 წლის შემდეგ, ტრუდოს მმართველობის პერიოდის უმწვავეს კრიზისად იქცა, რომელთან გამკლავებაც პრემიერს მოუხდა.

პოლიციამ ხუთშაბათ საღამოს დემონსტრანტთა ნაწილი დააკავა. მათგან ორი მოქალაქე - ორგანიზატორ- დამფინანსებლები - ქრის ბარბერი და თამარა ლიჩი.

"ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ ეს უკანონო დემონსტრაცია. ჩვენ გვაქვს გეგმა, გვაქვს მონდომება და გვაქვს რესურსები", - თქვა პოლიციის ერთ-ერთმა დროებითმა შეფმა. მისი განმარტებით, პოლიცია ქალაქის ცენტრის ირგვლივ 100 გამშვებ პუნქტს მოაწყობს და მოქალაქეებს ლეგიტიმური მიზეზის გარეშე მათი გავლის უფლებას არ მისცემს. მისივე თქმით, დემონსტრანტებმა ამ დრომდე მიცემული უფლებები პოლიციის უმოქმედობად და უუნარობად აღიქვეს, რაც უნდა შეიცვალოს.

სატვირთოების მძღოლების პროტესტი თავდაპირველად საზღვრის კვეთისთვის სავალდებულო ვაქცინაციის რეგულაციის წინააღმდეგ და მისი შეცვლის მოთხოვნით დაიწყო. თუმცა, ეს წესი შეერთებულ შტატებშიც მოქმედებს. მოგვიანებით ის ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა შეერთებული შტატების საზღვრის მიმართულებით გამშვები პუნქტების ბლოკირება მოახდინეს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხიდის, რამაც ორივე ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა.

ტრუდომ სამართალდამცავებს საგანგებო სიტუაციისთვის შესაბამისი დროებითი უფლებები მიანიჭა და დემონსტრანტებიც "დემოკრატიისთვის საფრთხედ" შეაფასა. მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შიშობენ ექსტრემისტული გამოსვლები ძალადობაში არ გადაიზარდოს. დემონსტრანტთა ნაწილი ამბობს, რომ შინ არ წავა, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თუმცა გაგრძელებულმა კრიზისმა ტრუდოს გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა. კანადის პრემიერს ფედერალური უფლებამოსილების გამოყენებისკენ მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.

XS
SM
MD
LG