უკრაინის დასავლელი მოკავშირეები რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში არიან. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა რუსეთი უკრაინაში უახლოეს მომავალში შეიჭრას. თუმცა მოკავშირეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მოსკოვი შესაძლოა დასავლეთისგან დათმობების მიღებას ცდილობდეს.
ვაშინგტონში და ლონდონში სჯერათ, რომ რუსეთისთვის ეს მხოლოდ მუქარა არ არის და უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსი სამხედროები რეალურად მზად არიან შეჭრისთვის.
"შეშფოთების საგანი ისაა, რომ მიუხედავად ინტენსიური დიპლომატიისა, ეს სამხედრო მობილიზაცია გრძელდება, ის არც კი შეჩერებულა, გაგრძელდა", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა შაბათს. უოლესის მტკიცე კომენტარების პარალელურად, კიევში ბრიტანეთის საელჩო დაიხურა და ქვეყანაში მხოლოდ ელჩი და სამხედრო ატაშეები რჩებიან.
ბრიტანელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ პუტინი მზადაა დასავლეთის მხრიდან სანქციების მუქარის მიუხედავად, ომი დაიწყოს და ეს საფასური გადაიხადოს. პარიზსა და ბერლინში სჯერათ, რომ შეჭრა ამ კვირაში არ მოხდება. ფრანგი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პენტაგონისა და სხვა სადაზვერვო სამსახურების ცნობები, რომლებიც ნატოს წევრ ქვეყნებს გაუზიარეს და რომელთა თანახმადაც, თავდასხმა შესაძლოა ოთხშაბათს მოხდეს, შესაძლოა არ გამართლდეს.
ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი ერთმანეთს შაბათ დილითაც ესაუბრნენ. ოფიციალური პარზი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუვლენია არანაირი ნიშანი, რომ თავდასხმას აპირებს. ფრანგი ოფიციალური პირების თქმით, პუტინი და მაკრონი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებიც შაბათს გამართული ერთსაათიანი საუბრის დროს.
რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. სამხედრო ძალა და შეიარაღება გაგზავნილია მეზობელ ბელარუსშიც, სადაც კრემლი ამას სამხედრო წვრთნებით ამართლებს. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას და აგრესიას არ გეგმავს, თუმცა ნატოს პროვოკაციებში ადანაშაულებს და მისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დასავლეთის ქვეყნების მიერ მოქალაქეებისთვის უკრაინის დატოვების რეკომენდაციას "ისტერიულს" უწოდებენ, თუმცა განმარტავენ, რომ საელჩოს "ოპტიმიზაცია" თავადაც გადაწყვიტეს, მაგრამ ამის მიზეზად უკრაინული მხარისგან შესაძლო პროვოკაცია დაასახელეს.