კამალა ჰარისი რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ერთვება. ამერიკის მთავრობის სახელით ის მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს. საუბრების მთავარი თემა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შეკავება იქნება. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ექსკლუზიურად, ადმინისტრაციის უცნობ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, კამალა ჰარისი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, ამერიკის პოლიტიკის მიმართულებებს ხაზს გაუსვამს და რამდენიმე საჯარო შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, რათა ნატოს მოკავშირეების მიმართ ამერიკის ერთგულებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს. კონფერენციას ასევე დაესწრებიან ლიდერები გერმანიიდან, ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან. კამალა ჰარისს არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები რუსეთისა თუ ჩინეთის ლიდერებთან.
სამხედრო კონფლიქტების თაობაზე ძალისხმევის მობილიზებისთვის ეს კონფერენცია დასავლურმა სახელმწიფოებმა ცივი ომის დროს შექმნეს და წელს ის სავარაუდოდ, 18-20 თებერვალს გაიმართება. მაშინ, როდესაც დასავლეთი და რუსეთი კვლავ ვერ აღწევენ შეთანხმებას უკრაინასთან დაკავშირებით.
"ეს ვიზიტი შეეხება ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ინტენსიურ ჩართულობას, რომელიც ისედაც მიმდინარეობს", - ამბობს "როიტერის" წყარო. ჰარისი კი მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტისადმი ამერიკის ურყევ მხარდაჭერას გაუსვამს ხაზს.
რუსეთს უკრაინის საზღვარზე ასი ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ კრემლი ქვეყანაში შეჭრას კიდევ ერთხელ აპირებს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს სამხედრო აგრესიის გეგმებს. ამავე დროს კი ნატოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.