რუსული სააგენტო „ტასს“-ი, რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ უახლოეს კვირებში, რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის ჯარები მონაწილეობას მიიღებენ 30-ზე მეტ ორმხრივ, ასეულის დონის ტაქტიკურ წვრთნაში, რომელიც რუსეთის სამხრეთში განლაგებულ 15 პოლიგონზე დაიწყო.
წვრთნები მიმდინარეობს ვოლგოგრადის ოლქში, სტავროპოლის მხარეში, ადიღეიში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ინგუშეთში, და ოკუპიირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე.
ყოველ წვრთნაში დაახლოებით 400 სამხედრო მოსამსახურე და 80 ერთეული საბრძოლო და სპეციალური ტექნიკაა ჩართული. გამოიყენებენ „ტ-72ბ3“ ტანკებს, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებს „ბმპ-3“, ჯავშანტრანსპორტიორებს „ბტრ-81ა“, ტანკ-საწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს „კორნეტ“ და „ქრიზანთემა-ს“, სხვადასხვა საარტილერიო დანადგარს.
„უახლოესი სამი კვირის განმავლობაში, სამხრეთი სამხედრო ოლქის ჯარებში 30-ზე მეტი ასეულის დონის ტაქტიკური წვრთნა ჩატარდება. ტაქტიკურ წვრთნებში საერთო საჯარისო, კასპიის ფლოტილიის და სამხრეთი სამხედრო ოლქის არმიის კორპუსის საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების გაძლიერებული ასეულებია ჩართული. სამხედრო მოსამსახურეები სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს, ოლქის 15 საერთო საჯარისო პოლიგონზე შეასრულებენ“, ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის სამხრეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვრთნები იმ ფონზე იმართება, როცა მოსკოვს უკრაინის საზღვარზე 100,000 სამხედრო ჰყავს განთავსებული და ბელარუსში დამატებით სამხედრო მანევრებშია ჩართული.