ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: ამერიკამ გარკვევით განაცხადა- არანაირი მოლაპარაკებები საქართველოზე და უკრაინაზე მათ გარეშე


საქართველოში ამერიკის ელჩი ხაზგასმით ამბობს, რომ ამერიკა რუსეთთან მოლაპარაკებების დროს საქართველოსა და უკრაინაზე, ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე მოლაპარაკებებში არ შევა. კელი დეგნანი ნატოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „კარგი ნიშანია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის შემუშავებაში“.

ელჩი დეგნანი აქვე ამბობს, რომ საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პარტნიორები და ეს ფუნდამენტური პრინციპია.

„ამერიკამ გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ ევროპის საკითხებზე ევროპის გარეშე, ნატოს საკითხებზე ნატოს მოკავშირეების გარეშე ისე, როგორც არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინის შესახებ, საქართველოსა და უკრაინის გარეშე. ჩვენ შევინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს მთავრობასთან და ასევე, უკრაინის მთავრობასთან,“- ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

ელჩმა დეგნანმა რუსეთის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა და მსოფლიო კარგად ხედავს იმ ქმედებებს, რასაც რუსეთი ახორციელებს.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღრუბლზე, სწორედ რუსეთია, რომელმაც მიიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული ქვეყნების საზღვრებთან, რუსეთია, რომელსაც აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთია, რომელიც ცდილობს დარტყმა მიაყენოს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს ყველა ქვეყანა იღებს,“- განაცხადა ელჩმა დეგნამა.

გასულ კვირას, ამერიკა რუსეთს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს განმუხტოს უკრაინის საზღვართან ვითარება, თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ ის არანაირ დაძაბულობას არ ქმნის და უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG