ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სმიტი: "ღია კარის" პოლიტიკა და საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთთან მოლაპარაკების თემა არ იქნება


შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში ჯული სმიტმა ჟურნალისტებთან სატელეფონო ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ნატოს არცერთი მოკავშირე არ აპირებს პოზიციის შეცვლას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ნატოს სამომავლო გაფართოების თემა განხილვას არ ექვემდებარება.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტი იყო სამიტი, როდესაც ალიანსმა ძალიან მტკიცე განცხადება გააკეთა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე და რომელიც კონკრეტულად საუბრობდა ალიანსის უკრაინასა და საქართველოში გაფართოებაზე და როდის. ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, არ იქნება არანაირი მოლაპარაკება ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე“, განაცხადა ელჩმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე.

მიმდინარე კვირას, შეერთებული შტატები ნატოს მოკავშირეებთან და რუსეთთან მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს მართავს რუსეთის მხრიდან, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიის დეესკლაციის მიზნით. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების შეშფოთებების გადასაჭრელად, გრძელვადიანი და მდგრადი გზა მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებია. თუმცა, ჯული სმიტის განცხადებით, შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთის მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი საკითხის მოლაპარაკების საგნად განხილვას. „ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა შეწყვიტოს, რაც ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია 1949 წელს, მისი დაარსებიდან“.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა სმიტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინის გარეშე განიხილოს. „მოდით ვისაუბროთ ცხადად. ეს კრიზისი რუსეთის მოქმედებებმა გამოიწვია. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ დიპლომატია სიტუაციის დეესკალაციისთვის და ჩვენ ამას თქვენს ნატოელ მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ. ნატო მზადაა და რჩება ერთგული რუსეთთან გაცვლითი ხასიათის დიალოგის საწარმოებლად, მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ერთიანი ვართ ნატოელი მოკავშირეების წინააღმდეგ არსებული საფრთხეების შეკავებასა და ევროპაში ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ რუსეთის სამომავლო აგრესიის შესაჩერებლად“.

ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებას და მის მნიშვნელობას საქართველოსთვის თბილისში ამერიკის ელჩი კელი დეგნანიც გამოეხმაურა. ხუთ პუნქტად მოცემულ პრინციპებში, ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს სუვერენული უფლება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, ალიანსებში გაწევრიანების თაობაზე.

ამერიკისა და რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატების შეხვედრებთან დაკავშირებით, ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ „ეს შეხვედრები უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის და ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მოთხოვნები მიუღებელია. ეს არის მცდელობა, უარი უთხრან ცივი ომის შემდგომ 30-წლიან მშვიდობას, სტაბილურობასა და პროგრესს, ხელახლა შექმნან საბჭოთა ბატონობა და კონტროლი მეზობლებზე“, აცხადებს ელჩი.

ჯული სმიტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა კრემლს მკაფიოდ უთხრა, რომ კონფრონტაციული სამხედრო მოქმედების შემთხვევაში, ამერიკა რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს. „როგორც ალიანსი, ჩვენს მზად ვართ გავაძლიეროთ ნატოს თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე და მზად ვართ რუსეთს ძვირი ფასი გადავახდევინოთ უკრაინაში დამატებითი აგრესიის შემთხვევაში“.

სმიტის ჟურნალისტებთან შეხვედრას ერთი დღით წინ უსწრებდა ამერიკის სენატორების ორპარტიული ჯგუფის ღია წერილი, რომელიც მათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნეს.

სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრები პრეზიდენტ ბაიდენს სთხოვენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ გადასცეს ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ არსებობს.

წერილში სენატორები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ და ასევე ზოგიერთი ძირითადი პრინციპის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. „შეერთებულ შტატები და მისი მოკავშირეები ერთგული რჩებიან იმ პრინციპის, რომ „არ იქნება გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, რაც საქართველოზეც უნდა გავრცელდეს“, წერენ სენატორები.

ორპარტიული ჯგუფი რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის დეკემბერში გაგზავნილ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლებსაც რუსეთი „უსაფრთხოების გარანტიებს“ უწოდებს. ჩამონათვალში, კრემლი ნატოსგან წერილობით გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არასოდეს გახდებიან. ამასთან, მოსკოვს სურს ნატომ სამხედრო აღჭურვილობა არ განალაგოს იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. სანატორებს ეს მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG