იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატებში კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტის გარცელებასთან ერთად, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, ქვეყნის მასშტაბით სკოლები რთული არჩევანის წინაშე დგანან: განაგრძონ პირისპირი სწავლება თუ დაუბრუნდნენ დისტანციურ რეჟიმს. ცვალებად გარემოსთან შეგუება უწევთ მოსწავლეებსაც.
„ომიკრონის“ ვარიანტის გამო, „კოვიდ-19“ ახალი შემთხვევების საშუალო რიცხვი შეერთებულ შტატებში დღეში 400 ათასს გასცდა. ეს გასულ კვირასთან შედარებით ორჯერ და ორი კვირის წინანდელ მონაცემებთან შედარებით სამჯერ დიდია.
შედეგად, სკოლების ნაწილმა გადაიფიქრა მოსწავლეების სასკოლო ოთახებში დაბრუნება, რაც ზამთრის არდადაგების შემდეგ იყო დაგეგმილი.
ლოს-ანჯელესის სკოლები 11 იანვრამდე არ გაიხსნება და სკოლაში დასაშვებად, მოსწავლეებმა „კოვიდ-19“ ტესტის უარყოფითი შედეგი უნდა წარადგინონ.
ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა საჭირო იქნება დედაქალაქ ვაშინგტონშიც, სადაც სწავლა ოთხშაბათს განახლდება. ჩიკაგოს და სიეტლის სკოლები საკუთარ მოსწავლეებს ურჩევენ, სკოლაში დაბრუნებამდე ტესტი ჩაიტარონ, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.
ინფექციის მკვეთრმა ზრდამ, ბევრი სკოლა, დასწრებული სწავლებისთვის საჭირო მასწავლებლების და თანამშრომლების საკმარისი რაოდენობის გარეშეც დატოვა. ამ მიზეზების ერთობლიობამ მილუოკის, კლივლენდის, დეტროიტის და ფილადელფიის სკოლებს უკარნახა გაკვეთილების ნაწილი ან სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების პლატფორმებზე დაებრუნებინა.
იგივე გარემოებები გავლენას სხვა დაწესებულებებზეც ახდენს. სმითსონის ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონში მდებარე რამდენიმე წამყვანი მუზეუმი „თანამშრომელთა უპრეცედენტო ნაკლებობის გამო“ დაიკეტება ან, სულ მცირე 12 დღის განმავლობაში, საათების შემცირებული რაოდენობით იმუშავებს. ხოლო ბევრ ავიახაზს ფრენების გაუქმება მოუხდა, რისი მიზეზიც, ზამთრის რთული ამინდის გარდა, შრომისუნარიანი ჯანმრთელი ავიაეკიპაჟების ნაკლებობა გახდა.