თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამ კვირის განმავლობაში ისრაელში მიემგზავრება. ჯეიკ სალივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდება და მასთან ირანის ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრებს. ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური პირი ავრცელებს.
ვაშინგტონი სალივანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ისრაელში მიავლენს ბრეტ მაგკურკს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ახლო აღმოსავლეთის დირექტორია. ისინი რამალაშიც გამართავენ შეხვედრებს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. მეორე მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებს მაჰმუდ აბასი, პალესტინელთა პრეზიდენტი.
თუმცა, ვიზიტი ძირითადად დატვირთული იქნება ირანიდან მომდინარე საფრთხით, რომელიც ისრაელის შეშფოთების საგანია. სალივანი ისრაელში კიდევ ერთხელ დაუდასტურებს ქვეყნის ლიდერებს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია ისრაელის უსაფრთხოების დაცვის. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით, ამერიკამ ვენაში ირანთან დადებული 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე დაიწყო მუშაობა, ისრაელი ირანიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს.
"ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების მდგომარეობას და ვადებს" - განაცხადა "როიტერთან" თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით. "ეს იქნება კარგი შანსი პირისპირ დასხდომის და საუბრის" - აღნიშნავს ის და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ "დიდი დრო აღარ არის დარჩენილი", რადგან ირანი აგრძელებს ურანით გამდიდრებას.
ამერიკა და ისრაელი სრულ თანხმობაში არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ უნდა მიეცეს. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკება მომავალ კვირამდე შეჩერებულია.
Facebook Forum