ბრიტანეთში სადღესასწაულო გეგმების შეცვლა უწევთ, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის სწრაფ გავრცელებას და ინფიცირების მზარდ შემთხვევებს უკავშირდება. ხუთშაბათს, დედოფალმა ელისაბედმა ტრადიციული საოჯახო წინასაშობაო წვეულება გააუქმა. ბუკინგემის სასახლის ცნობით, ეს კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებით არის განპირობებული.
ერთი დღით ადრე, ინგლისის მთავარმა ექიმმა მოსახლეობა გააფრთხილა, მაქსიმალურად მოერიდონ ხალხში ყოფნას. კრის უიტის თქმით, ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები აღირიცხა.
ოთხშაბათის ანტირეკორდი ხუთშაბათსვე მოიხსნა, როცა ბრიტანეთში ბოლო 24 საათში, ახლადინფიცირების 88 376 ახალი შემთხვევა აღირიცხა, თითქმის 1 000-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს. პანდემიის დაწყებიდან აქამდე ყველაზე მაღალი ინფიცირება 8 იანვარს იყო დაფიქსირებული, ე.წ. ლოქდაუნის დროს. მაშინ ბრიტანეთში დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი 68 053-ს შეადგენდა.
"ეს ნამდვილად სერიოზული საფრთხეა ამ მომენტში. რამდენად დიდია ეს საფრთხე? ბევრი რამ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ის ყველაფერი, რაც ვიცით, ცუდია" - განაცხადა კრის უიტიმ ოთხშაბათს. მისი თქმით, ომიკრონი "აბსოლუტურად ფენომენალური სისწრაფით" ვრცელდება და ერთადერთი რამ, რისი საშუალებითაც ახლა თავის დაცვაა შესაძლებელი, არის ეფექტური ვაქცინები და მათი დამატებითი, გამაძლიერებელი დოზები.
Facebook Forum