ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერი": კოვიდ 19-ის აბების ეფექტურობა 90%-ამდეა


კომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ საბოლოო ანალიზის მიხედვით, მის მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბების ეფექტიანობა, მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 90%-ამდეა. ბოლო ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას ვირუსის ძლიერ სახეცვლილი ვარიანტის, სწრაფი და ძლიერ გავრცელების თვისების მქონე „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

თავიდან, გასულ თვეში წარმოდგენილი 1200 ადამიანზე ჩატარებული დაკვირვების მიხედვით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია აცხადებდა, რომ მის მიერ შექმნილი პრევენციული აბების ეფექტიანობა, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 89% იყო. საბოლოო მონაცემები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა, დამატებით 1000 ადამიანზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

კვლევაში ჩართული იმ ადამიანებიდან, ვინც „ფაიზერის“ სამკურნალო აბები მიიღო, არცერთი არ გარდაცვლილა. იმ ჯგუფში, ვინც პლაცებოს იღებდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

„ფაზიერის“ აბები, ინფიცირების შემდეგ, სიმპტომების გამოვლენიდან მალევე, ხუთი დღის განმავლობაში, ყოველ 12 საათში ერთხელ მიიღება. მედიკამენტის ავტორიზების შემთხვევაში, ის „პაქსლოვიდის“ სახელით გაიყიდება.

„ეს განსაცვიფრებელი შედეგია“ - ამბობს „ფაიზერის“ უფროსი სამეცნიერო ოფიცერი, მაიკლ დოლსტენი. „ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლის გადარჩენისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებაზე. და თუ რა თქმა უნდა, ინფიცირების შემდეგ აბს სწრაფად მიიღებთ, ეს ვირუსის გადაცემას, სავარაუდოდ მკვეთრად შეამცირებს“ - აცხადებს დოლსტენი.

„ფაზიერმა“ წამლის საგანგებო გამოყენების უფლების მინიჭების მოთხოვნით, ამერიკელ მარეგულირებელს მონაცემები ნოემბერში წარუდგინა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ რამდენიმე დღეში არა, რამდენიმე კვირაში მაინც, სავარაუდოდ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილება ცნობილი გახდება.

ამ დრომდე, შეერთებულ შტატებში, ორალური გზით მისაღები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო არცერთი პრეპარატი ავტორიზებული არ არის.

მანამდე, საკუთარი პრეპარატის, „მოლნუპირავირისთვის“ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ფაიზიერის კონკურენტმა „მერკმა“ მოითხოვა. მათი კლინიკური კვლევის მიხედვით, წამალმა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით შეამცირა.

„ფაიზერის“ აბები განსხვავებულად მუშაობს. ის მიეკუთვნება წამლების იმ კლასს, რომლებიც ახლა გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისა და ცე-ჰეპატიტისა და სხვა ვირუსების წინააღმდეგ სამკურნალოდ.

კომპანია აცხადებს, რომ წამლით 180 000 სამკურნალო კურსის ჩასატარებლად საკმარისი მარაგი უკვე მზად არის. 2022 წელს კი ფარმაცევტული გიგანტი 80 000 000 კურსისთვის საკმარისი რაოდენობის დამზადებას გეგმავს. აშშ-ის მთავრობამ, 5.29 მილიარდ დოლარად, უკვე უზრუნველყო 10 მილიონი კურსისთვის საჭირო წამლების რაოდენობის კონტრაქტი.

წარმატებული კოვიდსაწინააღმდეგო აბები შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს კორონავირუსის პანდემიასთან მიმდინარე ბრძოლაში. თუმცა, დარგის სპეციალისტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ რაც არ უნდა წარმატებული აღმოჩნდეს "ფაიზერის", "მერკის", თუ სხვა კომპანიის აბები, ეს ფაქტორი ვაქცინაციის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG