ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსულ სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციებს უწესებს


ევროკავშირმა რუსული კერძო სამხედრო საკონტრაქტო ფირმის "ვაგნერის ჯგუფის" წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიას შეემატა ასევე 8 სხვა კერძო პირი და 3 ენერგო-კომპანია სირიაში. მათ კრემლის დავალებით გასაიდუმლოებულ ოპერაციებში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

"ვაგნერის ჯგუფი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში", - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში სანქციების განმარტების ნაწილში და საუბარია ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა ადამიანების წამება და სასამართლოს გარეშე მათი სიკვდილით დასჯა.

რუსეთი ყოველგვარ გადაცდომას უარყოფს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ კერძო სამხედრო საკონტრაქტო ფირმებს აქვთ მუშაობის უფლება და მთელ მსოფლიოში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედების საშუალება უნდა გააჩნდეთ, თუკი ისინი რუსულ კანონმდებლობას არ არღვევენ. პუტინი ამბობს, რომ "ვაგნერის ჯგუფი" არ წარმოადგენდა რუსეთის ხელისუფლებას და არც ფულს იღებდა მისგან.

დიპლომატების განმარტებით, მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვები და აქტივების გაყინვა, მოსკოვზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის მიდგომა რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მკაცრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG