მინსკის განცხადებით, 30 რუსი პირი, რომელიც მათ ბელარუსში დააკავეს, „ტერორისტულ აქტს“ გეგმავდა. განცხადება ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა ანდრეი რაუკოვმა გააკეთა.
რაუკოვმა თქვა, რომ დაახლოებით კიდევ 200 დაქირავებული მებრძოლი იმყოფება ბელარუსის ტერიტორიაზე და რომ სამართალდამცავები მათ ეძებენ.
სამთავრობო მედია სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ეს პირები რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" წევრები არიან.
"ვაგნერი" რუსული შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელსაც ერთი ვერსიით, პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი. ევგენი პრიგოჟინი მართავს. პრიგოჟინს შეერთებულმა შტატებმა 2016 წელს სანქციები დაუწესა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო. ვაგნერის მებრძოლები სხვადასხვა ტერიტორებზე და კონფლიქტებში რამდენჯერმე გამოჩნდნენ, მათ შორის სირიაში, ლიბიაში, უკრაინასა და აფრიკის ქვეყნებში.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყანაში რუსეთისა და უკრაინის ელჩები გამოიძახა, იმის ასახსნელად, თუ რატომ არიან ეს პირები ბელარუსში. მინსკის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმე პირი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკსა და ლუჰანსკში იბრძოდა სეპარატისტების მხარეზე და მათ შორის ზოგიერთი უკრაინელია.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც მეექვსე ვადით გეგმავს პოსტზე დარჩენას, აცხადებს, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთი ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს.
ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის „შესაბამისმა ორგანოებმა ახსნან თუ რა ხდება“.
რუსეთის ფაქტორი
ლუკაშენკო, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 26 წლის განმავლობაში კრემლის მხარდაჭერას და სუბსიდიებს ეყრდნობოდა, მოსკოვს მას შემდეგ აკრიტიკებს, რაც გასულ წელს მინსკმა უარი განაცხადა რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე, რასაც კრემლის მიერ ბელარუსისთვის ნავთობისა და გაზის გაძვირება მოჰყვა.
რუსეთის საელჩოს ბელარუსში ამ დრომდე აღნიშნულზე განცხადება არ გაუკეთებია.
კრემლი დიდი ხანია, რაც ბელარუსს იაფ გაზსა და ნავთობს აწვდის. თუმცა, გასულ წელს რუსეთის მთავრობამ მინსკს სუბსიდიები შეუწყვიტა და ამის მიზეზად ის განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო ახლო ინტეგრაცია იყო საჭირო, რათა მოსკოვს ბელარუსისთვის ნავთობის და გაზის იაფ ფასად მიყიდვა გაეგრძელებინა.
ლუკაშენკომ კრემლის ზეწოლის მიუხედავად, უარყო იდეა უფრო ახლო ინტეგრაციისკენ, როგორც მოსკოვის მცდელობა ქვეყნის დამოუკიდებლობა შეზღუდოს. მიუხედავად კრემლის პოლიტიკის კრიტიკისა, ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად კრიტიკას ერიდება. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მინსკმა შეერთებული შტატებისგან პირველად თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო.
მინსკის მიერ რუსი პირების დაკავება, ერთი ვერსიით, არჩევნების წინ პრეზიდენტ ლუკაშენკოს მცდელობაა მხარდაჭერა მოიპოვოს. მეორე მხრივ, რუსული შეიარაღებული დაჯგუფების ქვეყანაში ყოფნას იმით ხსნიან, რომ მოსკოვი ხშირად იყენებს ბელარუსს, როგორც ბაზას მისი ოპერაციებისთვის.
საპრეზიდენტო არჩევნები
ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდი საპროტესტო გამოსვლების და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ბელარუსის პოლიციამ მინსკსა და სხვა ქალაქებში ასობით დემონსტრანტი დააკავა. დემონსტრაციების რამდენიმე კვირიანი ტალღა, საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს სავარაუდო მეტოქის ვიქტარ ბაბარიკას და ოპოზიცის სხვა წევრების დაკავებას მოჰყვა. ბაბარიკა ცენტრალურმა საარჩეევნო კომისიამ არჩევნებზე არ დაუშვა.
ბელარუსის პრეზიდენტმა დემონსტრაციის ჩახშობის შესახებ თქვა, რომ მან „რევოლუცია აღკვეთა“. მან მომხდარი საგარეო მტერს დააბრალა და თითი არაპირდაპირ კრემლისგან გაიშვირა.
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკოს გარდა კიდევ ოთხი კანდიდატი შეარჩია. მათ შორის დაკავებული ბლოგერის ცოლი, სვეტლანა ციხანიუსკაიაა. სერგეი ციხანიუსკიმ, მას შემდეგ რაც კომისიამ უარი უთხრა არჩევნებში მონაწილეობაზე, კანდიდატადად მისი ცოლის რეგისტრაცია სცადა. ციხანიუსკი მაისში საპროტესტო გამოსვლაზე დააკავეს და თუ მას დამნაშავედ ცნობენ, ციხეში სამი წელი ემუქრება.
ევროკავშირი და დასავლეთის წარმომადგენლები ბელარუსს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მოსალოდნელია, რომ 9 აგვისტოს არჩევნებში, ქვეყანაში სადაც პოლიტიკური თავისუფლებები ძალზედ შეზღუდულია, არ არსებობს თავისუფალი მედია და არჩევნები, დასავლური ორგანიზაციების შეფასებით, მოკლებულია დემოკრატიულ სტანდარტებს, სავარაუდოდ კვლავ, ლუკაშენკო გაიმარჯვებს.
პარალელურად, ბელარუსსს ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა ლუკაშენკო კოვიდ-19 პანდემიას "მასობრივ ფსიქოზს" უწოდებს და უარყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვების მოწოდებას, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანცირების წესები იქნას შემოღებული.
Facebook Forum