უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო მობილიზაცია კი გრძელდება.
"სამწუხაროდ, უკრაინული მხარის ყველა ინიციატივა უარყოფილი იყო რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნურად შექმნილი საბაბით", - ნათქვამია სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინული დელეგაციის განცხადებაში. ჯგუფში უკრაინული და რუსული მხარეები და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
რუსეთმა განაცხადა, რომ კიევს "აბსოლუტურად აბსურდული" შემოთავაზებები აქვს და ის მხოლოდ თავს აჩვენებს, თითქოს მოლაპარაკებებში მონაწილეობს. მოსკოვის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი შეთავაზება კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივი ცენტრისთვის გერმანული და ფრანგული მხარის დამატება იყო. ცენტრის მისია ცეცხლის შეთანხმების პირობების აღსრულებაა.
"ამ პირობებში, დონეცკი, ლუგანსკი (სეპარატისტული ტერიტორიები) და ეუთო მოლაპარაკებების გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევენ. ჩვენ გვესმის ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ბორის გრიზლოვმა, რუსეთის წარმომადგენელმა საკონტაქტო ჯგუფში.
თავად ეუთოს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.
რუსეთი უკრაინის მიმართ მტრულ რიტორიკას აგრძელებს და შექმნილ ვითარებას ცივი ომის დროინდელ ყველაზე საშიშ მომენტს ადარებს. კრემლი ახლა დასავლეთის გადაწყვეტილებას ელოდება, შეხვდებიან თუ არა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ვლადიმირ პუტინს დაძაბულობის განმუხტვის გზების განსახილველად.
Facebook Forum