გაეროს მიგრაციის სააგენტო ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ „რადიკალურად შეცვალა“ მობილობა მთელს მსოფლიოში. ახალ მოხსენებაში ორგანიზაცია პროგნოზს აკეთებს, რომ საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობის ზრდა სავარაუდოდ სუსტი იქნება მანამ, სანამ მოგზაურობა და სხვა შეზღუდვები შენარჩუნდება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ოთხშაბათს გამოაქვეყნა მსოფლიო მიგრაციის ანგარიში 2022, რომელიც მიგრაციის ახალ ტენდეციებს შეეხება. ანგარიში მოიცავს ყველა ტიპის გადაადგილებას - დაწყებული ომიდან და კონფლიქტებიდან გაქცეული ადამიანებიდან, სამუშაოს საძიებლად საზღვარგარეთ წასულებით დამთავრებული.
ორგანიზაცია მიუთითებს შიდა გადაადგილების "დრამატულ ზრდაზე", რაც გამოწვეულია ბუნებრივი კატასტროფებით, კონფლიქტებითა და ძალადობით, ისევე როგორც COVID-19 შეზღუდვებით.
„ჩვენი კაცობრიობის ისტორიაში უხილავი პარადოქსის მოწმენი ვართ“, - თქვა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ. „მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით ადამიანი ფაქტობრივად იძლებულია ერთ ადგილას გაჩერდეს COVID-19-ის გამო, ათობით მილიონი სხვა იძულებით გადაადგილდება საკუთარ ქვეყნებში“.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ბოლოს, 281 მილიონი საერთაშორისო მიგრანტი იყო მთელ მსოფლიოში, რაც გლობალური მოსახლეობის 3.6%-ს შეადგენს.
Facebook Forum