ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში რეკორდული სიკვდილობის მაჩვენებელი აღირიცხა


18 თებერვლის შემდეგ, გერმანიაში სიკვდილობის ერთი დღის მაჩვენებელი ასეთი მაღალი ჯერ არ ყოფილა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის გართულებებით 446 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას რობერტ კოჰის ინსტიტუტი ავრცელებს, რომელიც გერმანიაში ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო სააგენტოა.

ოთხშაბათს დადასტურებული ინფიცირების 67 186 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც. საავადმყოფოების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საშობაოდ ინტენსიური თერაპიის პალატებში 6 000-მდე ადამიანს მოელიან, რაც გასული წლის ზამთრის პიკურ მაჩვენებელზე მეტია. 2021 წლის 3 იანვარს გერმანიის რეანიმაციებში 5 745 პაციენტი იყო.

ომიკრონის ახალი ვარიანტი გერმანიის სამხრეთ ნაწილში უკვე 4 ადამიანს დაუდასტურდა. ისინი სრულად აცრილები იყვნენ და ავადობა საშუალო სიმწვავის სიმპტომებით, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. აქედან სამი 26-27 ნოემბერს მივლინებით სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა. მეოთხე კი ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრია.

სამშაბათს, კორონავირუსის მეოთხე ტალღასთან გამკლავების მიზნით, ფედერალური და რეგიონული მთავრობები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერებენ ვაქცინაციის პროცესს და შეეცდებიან კონტაქტების შეზღუდვას, განსაკუთრებით - აუცრელ მოსახლეობაში. მათ ასევე მოილაპარაკეს, რომ ხუთშაბათს მიიღებენ გადაწყვეტილებას უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღების თაობაზე, როგორიცაა კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელების, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნა მაღაზიებში და საჯარო ადგილებში. ამას გარდა, დიდ ღონისძიებებზე კვლავ ლიმიტები დაწესდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG