ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წაქცევის შემდეგ, სააკაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს


„ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი. დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი. სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა“ - ჟურნალისტებთან ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან გეგმიურ კონსულტაციაზე მისულმა ექიმმა რეანიმატოლოგმა გააკეთა.

ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ახლა უკვე სტაბილურია.

„სააკაშვილი ახლა კარგად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმუქრება“ - პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ.

„როგორც ვიცი დილიდანვე ცუდად იყო. საუბრისას თავის დაჭერა უჭირდა. როცა უკვე გამოვდიოდით ადგა, ბადრაგს მიჰყავდა და მოწყვეტით წაიქცა. ექიმები მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს. როგორც კი სისტემა დაუყენეს ფერზე მოვიდა და უკვე კონტაქტურია. მანამდე, წაქცევისას კონტაქტური არ იყო. ახლა ის გადაყვანილია რეანიმაციაში, ყველა ექიმი ადგილზეა და თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ“ - განაცხადა გვარამიამ.

სააკაშვილის გონების დაკარგვის შესახებ ინფრომაცია პირველმა მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გაავრცელა.

„მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან. უნდა ასულიყო ზემოთ. როდესაც გამოდიოდა ოთახში მოსხლეტით წაიქცა. ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. წაქცევის შემდეგ მე ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან. ცდილობდნენ თვალების გახელას. გადააწვინეს საკაცეზე, აიყვანეს“, - განაცხადა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG