ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატიური კრიზისის ზღვარზე: თურქეთსა და დასავლეთში ტონი შეარბილეს


თურქეთსა და დასავლელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია, მას შემდეგ რაც ანკარა, დასავლელი ელჩების ქვეყნიდან გაძევებით დაიმუქრა. თუმცა, მხარეების განცხადებები აჩვენებს, რომ დიპლომატიური სკანდალი თავიდან არიდებული იქნა.

ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი, თურქეთში დასავლეთის 10 ქვეყნის საელჩოს მიერ ფილანტროპი ოსმან კავალას გათავისუფლების მოთხოვნა გახდა. რის შემდეგაც, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შაბათს განუცხადა, რომ ის გეგმავდა ქვეყნიდან შეერთებული შტატების და კიდევ ცხრა დასავლური ქვეყნის ელჩების, ქვეყნიდან გაძევებას. 10 ქვეყნიდან 7 ნატოს წევრია. საპასუხოდ, დასავლეთში აცხადებდნენ, რომ ისინი თურქეთისგან განმარტებებს ელოდნენ.

დღეს, აღნიშნული ქვეყნების საელჩოებმა თქვეს, რომ ისინი ემორჩილებიან დიპლომატიური საქმიანობის შესახებ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს. შეერთებული შტატების საელჩომ ანკარაში, "ტვიტერზე" დაწერა, რომ ის ემორჩილება ვენის კონვენციას. მსგავსი იყო დანარჩენი 9 ქვეყნის განცხადებებიც.

ტონი შეარბილა ასევე თურქეთის პრეზიდენტმაც. თუ ის შაბათს აცხადებდა, რომ ზოგიერთი ელჩის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების ბრძანება გასცა, მოგვიანებით უკან დაიხია და თქვა, რომ კრიზისის შექმნა ანკარას მიზანი არაა.

"ჩვენი მიზანი არასდროსაა კრიზისის შექმნა, ჩვენი მიზანი უფლებების, კანონების დაცვა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემაა", - განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას.

ოსმან კავალა ბევრ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფს აფინანსებდა. ის უკვე ოთხი წელია სასჯელს იხდის. მას ბრალად 2013 წლის საპროტესტო გამოსვლების დაფინანსება და 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედება.

18 ოქტომბერს, ერთობლივი განცხადებით, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიის და აშშ-ის ელჩებმა, თურქეთის მთავრობას კავალას საქმის სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტისკენ და მისი „დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ“ მოუწოდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG