ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის წევრებს შორის უთანხმოება იზრდება


დაძაბულობა თალიბანის პრაგმატიკოსებსა და იდეოლოგებს შორის მწვავდება, ამბობს სააგენტო "ასოშიეთიდ პრესი", ავღანეთში მცხოვრებ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

მათი მტკიცებით, თალიბანის მიერ მინისტრთა კაბინეტის წარდგენის შემდეგ, დაჯგუფების წევრებს შორის დაძაბულობა გაჩნდა. ახალი მთავრობის კაბინეტი ძირითადად, იმ ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ვინც 1990-იანი წლების დროს არსებულ მკაცრ თეოლოგიურ კანონებს ემხრობა და არაფერი აქვს საერთო იმ ახალ, შედარებით ლიბერალურ დაპირებებთან, რაც თალიბანმა ქაბულის აღების შემდეგ გასცა.

კონფლიქტი დახურულ კარს მიღმა დაიწყო, თუმცა, ჭორები მალევე გავრცელდა. ავღანეთში ამბობდნენ, რომ დაპირსპირებას ძალადობრივი სახე ჰქონდა და უფრო მეტიც, პრაგმატისტების ლიდერი, აბდულ ღანი ბარადარი, მოკლეს.

ჭორები იმდენად მოედო ქვეყანას, რომ ბარადარის აუდიო და წერილობითი წერილების გამოქვეყნება გახდა საჭირო, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ცოცხალია. მოგვიანებით, ის ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზიაშიც გამოჩნდა.

"ქაბულიდან ვმგზავრობდი და მედიასთან კავშირი არ მქონდა, რათა გამექარწყლებინა ეს ინფორმაცია",- განმარტა თალიბანის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ბარადარი ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვინც თალიბანის მიერ ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბების პირობას დებდა. თუმცა, თალიბანმა პირობა არ შეასრულა და მთავრობა სრულად კაცებით დააკომპლექტა.

დაპირსპირებას თალიბანის შიგნით, უარყოფს თალიბანის სპიკერი ზაბიდულა მუჯაჰიდიც. თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუთაქიმ კი უარყო გავრცელებული ხმები და თქვა, რომ ეს ყველაფერი "პროპაგანდაა".

თალიბანმა ქაბული 15 აგვისტოს აიღო, ხოლო ამერიკისა და მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთში უკანასკნელი პოსტი, ქაბულის აეროპორტი 31 აგვისტოს დატოვეს. მას შემდეგ, ავღანეთის მთავრობას და ქვეყანას თალიბანი აკონტროლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG