ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჩემი მოკვლა უნდათ... დამსდევენ და გავრბივარ“ - ავღანელი დეპუტატი 


მას შემდეგ, რაც ქაბული დაეცა და ავღანეთში ვითარებას თალიბანი აკონტროლებს ,ავღანელი ლიდერი ქალები საფრთხეში არიან. თალიბანის მებრძოლები მათ კარდაკარ დასდევენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

„ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ავღანეთის პარლამენტის წევრი ჰალიმა საადაფ კამირი (Halima Saadaf Karimi) ყვება, რომ მას სასიცოცხლო საფრთხე ემუქრება, ქვეყნის დატოვებას კი ვერ ახერხებს.

„თალიბანის ორი მებრძოლი ჩემს სახლში იყო მისული, ამოიღეს ჩემი საბუთები, სახლში ყველაფერი გაჩხრიკეს, მათ შორის ჩემი მანქანა და შემომითვალეს, რომ გავიქცე თორემ მომკლავენ“

კარიმისთვის თალიბანის მებრძოლების სისასტიკე კარგად არის ცნობილი. თალიბანის მებრძოლებმა წლების წინ, მისი ძმა სასტიკად მოკლეს. ის ამბობს, რომ ახლა ძალიან ეშინია, რადგან საფრთხეში არა მხოლოდ ის, არამედ მისი მთელი ოჯახია. დეპუტატი კამირი გვიყვება, მას შემდეგ რაც თალიბანმა პრეზიდენტის რეზიდენცია აიღო ქაბულიდან იმავე საღამოს, ის ფეხით გაიქცა, ჩავიდა ნათესავებთან რამდენიმე საათით და შემდეგ ისევ ახალ თავშესაფარს ეძებს.

„ქაბულში, იმავე დღეს სასწრაფოდ ვიყიდე ბურკა, ავღანური ბურკა, სრულად რომ ფარავს სხეულს. მანქანა არ ამიყვანია, რადგან ასე მათთვის კვალის აღება უფრო მარტივია. შეშინებული ჯერ ლოგარის პროვინციაში ჩავედი, შემდეგ სამანგანის, ბადაქსტანის, ტაქჰარის, ახლა ნურისტანის პროვინციაში ვიმყოფები. აქ რომ მოვდიოდი, ერთი ტაქსი ვიქირავეთ და შიგნით 7 ადამიანი ვისხედით. აქედანაც უკვე წასვლას ვაპირებ, რომ გავჩერდე მომაგნებენ. ზოგი ნათესავი მეუბნება, რომ მათთან არ მივიდე, ეშინიათ. ზოგი ამბობს, რომ ცუდად არის - მათაც ეშინიათ. არ ვიცი ასე როდემდე შევძლებ დამალვას“

ყოფილი ავღანელი დეპუტატი სინანულით ამბობს, რომ მისი 20 წლიანი შრომა წყალში ჩაიყარა. ახლა ავღანეთში ადამიანის, ქალთა უფლებები აღარავის აინტერესებს. ჰალიმა კამირი წლების განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მუშაობდა, შემდეგ კი დეპუტატი გახდა. ის აქტიურად მუშაობდა უკეთესი ავღანეთის შექმნისთვის. ახლა ამბობს, რომ არაფერი გამოუვიდა და იმედგაცრუებულია მომხდარით.

ავღანეთის პარლამენტის ყოფილ წევრს მოსაკლავად დასდევენ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00

„დამიჯერეთ, რამდენიმე პროვინცია მოვიარე ბოლო დღეების განმავლობაში. არაერთი ისტორია მოვისმინე, თუ როგორც უხეშად ეპყრობიან თალიბანის მებრძოლები ქალებს. ლიდერები იტყუებიან, ატყუებენ მსოფლიოს, რეალურად აქ ძალიან, ძალიან მძიმე ვითარებაა. ისინი არ შეცვლილან, ზუსტად ისეთები არიან, როგორც 20 წლის წინ იყვნენ და უფრო აგრესიულები“.

„ახლა აქ იმაზე უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე ეს საჯაროვდება. მე ამას ყველგან ვყვები. თქვენ იცით, მე წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიყავი და ვიბრძოდი უკეთესი ავღანეთისთვის, სადაც ყველას უფლება დაცული და თანასწორი იქნებოდა. ასე გვჯეროდა და ამისთვის ვშრომობდით. აღმოჩნდა, რომ ეს ვერ შევძელით - დავმარცხდით“.

2001 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აგვისტომდე ავღანეთი, რეგიონში გამორჩეული იყო. დაცული იყო ადამიანის უფლებები, კონსტიტუციაში აღდგა ჩანაწერი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ. ქალებმა დაიბრუნეს თალიბანის მიერ 1990-იან წლებში ჩამორთმეული უფლებები, მათ შორის სწავლის და მუშაობის. შეიძლება ითქვას, ბოლო 20 წელში, აღდგა და გაუმჯობესდა ის კონსტიტუცია, რომელიც ავღანეთში 1990-იან წლებამდე (თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლამდე) არსებობდა. თალიბანი ქალთა უფლებების განსაზღვრას რჯულის კანონით გეგმავს. თუმცა, ლიდერები დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ ქალებს მუშაობის და სწავლის უფლებას მისცემენ, თუმცა დეტალებზე ამ შემთხვევაშიც არავინ საუბრობს. სანამ წითელი ხაზები გავლებული არ არის, ხალხი შეშინებულია და ფრთხილობს. 14.2 მილიონი ავღანელი ქალი უარესის მოლოდინში ცხოვრობს, განსაკუთრებით კი ლიდერი ქალები.

2020 წლის მონაცემებით ავღანეთში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა 21 პროცენტი ქალი იყო, მათგან 16 პროცენტი მაღალ თანამდებობას იკავებდა. ავღანეთის პარლამენტის (შურა ე მილის) წევრთა სრული რაოდენობიდან კი 27 პროცენტი ქალი იყო. ერთ-ერთი კამირია. მას ვკითხეთ, ფლობს თუ არა კოლეგა ქალების შესახებ ინფორმაციას. ამბობს, რომ ისინიც საფრთხეში არიან და ცდილობენ გაქცევას. ამ დროისთვის, უცნობია რამდენმა მათგანმა მოახერხა ქვეყნის დატოვება.

15 აგვისტოს, ლეგიტიმური მთავრობა, შეიძლება ითქვას, დაემხო. ადამიანები, რომელიც ხალხის მანდატით ქვეყანას მართავდნენ, ახლა დევნილობაში არიან, გაურბიან თალიბანს, რადგან სიკვდილის ეშინიათ. თალიბანი კი ხელისუფლების ფორმირებისთვის ემზადება. თუ აქამდე ისინი ამბობდნენ, რომ მთავრობის ფორმირების დროს კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიებთან და ჯგუფებთან გაივლიდნენ და ერთობლივ მთავრობას ჩამოაყალიბებდნენ, დღეს განმარტავენ, რომ ეს მათ ინტერესებში არ ჯდება.

„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც თალიბანმა დაადასტურა, ცნობილი ხდება, რომ თალიბანის მთავრობას „რაბარი შურას“ წევრები დაიკავებენ. ეს არის ყველაზე გავლენიანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო თალიბანში, რომელსაც ერთგული ლიდერი ანუ ახუნძადა ხელმძღვანელობს. სანდო წყარო „ამერიკის ხმას“ აწვდის ინფორმაციას, რომ თალიბანის მთავრობა 26 კაციანი იქნება და მათი ვინაობა ამ კვირაში გახდება ცნობილი.

ამერიკის და პარტნიორი ქვეყნის სამხედროებმა ავღანეთი უკვე დატოვეს. ქაბულიდან ბოლო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი 30 აგვისტოს ღამით გამოფრინდა. გაგრძელდება, თუ არა ევაკუაციის პროცესი, ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ბოლო რამდენიმე დღეში ავღანეთიდან 6 000-ზე მეტი ამერიკის მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. სულ ქაბულიდან 100 000-ობით ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის ავღანელები, დიპლომატები, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG