ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი "ეფლს" ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს


რუსეთის ფედერალური ანტი-მონოპოლიური სამსახური კომპანია "ეფლს" აფრთხილებს და ტექნოლოგიურ გიგანტს აპლიკაციების ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. "დარღვევების აღმოსაფხვრელად" კომპანიას ვადა 30 სექტემბრამდე აქვს მიცემული.

სახელმწიფო უწყების თანახმად, "ეფლის მონოპოლიის" წინააღმდეგ მიღებულია რამდენიმე საჩივარი როგორც "ეფლის" მობილურების საოპერაციო სისტემის iOS-ის მომხმარებლებისგან, ისე - აპლიკაციების შემქმნელებისაგან.

საზედამხედველო უწყება აცხადებს, რომ "ეფლი" აპლიკაციების ყიდვის პლატფორმის მეშვეობით, თითოეული შესყიდვიდან საკომისიოს სახით 15-დან 30 %-მდე თანხას იღებს. მომხმარებლებს კი არ მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს აპლიკაციები ამ პლატფორმის მიღმა უფრო იაფად შეიძინონ. "ეფლი არ უშვებს ასეთი მახასიათებლების მქონე აპლიკაციებს App Store-ში, დეველოპერებისგან კი ითხოვს წაშალონ ნებისმიერი ლინკი ან შეცვალონ აპლიკაციის ფუნქციები ისე, რომ სარეგისტრაციო ფორმამ [მომხმარებელი] გარე საიტებზე არ გადაიყვანოს", - ნათქვამია ფედერალური უწყების განცხადებაში. მათი განმარტებით, ამგვარად "ეფლი" დეველოპერებს დამოუკიდებელი ქმედებების შესაძლებლობას ართმევს და ეს კონკურენციაზე ცუდად მოქმედებს. აპრილში რუსეთის ფედერალურმა უწყებამ "ეფლი" 12 მილიონი დოლარით დააჯარიმა სწორედ "ბაზარზე დომინანტური პოზიციისთვის" და მისი საკუთარი აპლიკაციებისთვის უპირატესობის მინიჭებისთვის.

იმავე თვეში მოსკოვმა წინააღმდეგობრივი კანონმდებლობა მიიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ყველა სმარტ მოწყობილობაში, ტაბლეტებში, კომპიუტერებსა და ტელეფონებში წინასწარ ჩამონტაჟებული შიდა წარმოების სისტემა უნდა გამოიყენებოდეს. კრემლი ამას რუსული კომპანიების წახალისების მიზნით ხსნით. თუმცა კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ინტერნეტის კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მექანიზმია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG