დასავლური ჯარების ავღანეთიდან გამოსვლამდე ერთი დღე რჩება. ავღანეთში სიტუაციის გამძრაფრებასთან ერთად, ამერიკაში მყოფი ავღანელები ამერიკის მასშტაბით საპროტესტო აქციებს აწყობენ და ქვეყანაში მიმიდნარე სიტუაციისთვის საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.
შაბათს, საპროტესტო აქცია გაიმართა ნიუ-იორკში. ავღანური წარმოშობის ამერიკელები, ნიუ-იორკის ცნობილი საჯარო ბიბლიოთეკის წინ შეიკრიბნენ.
„გადავარჩინოთ ავღანელების სიცოცხლე“, ამ ლოზუნგით ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების უმრავლესობა ამბობს, რომ უკმაყოფილო არიან იმით, თუ როგორ დატოვა ამერიკულმა ჯარმა ავღანეთი. ისინი, ასევე ძალიან სკეპტიკურად უყურებენ თალიბანის დაპირებას ქალებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ.
"ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, მეც და ბევრმა ავღანელმაც, იმედი დავკარგეთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ქალები დაგვებრუნებინა სამთავრობო და საგანმანათლებლო წრეებში, მათი საზოგადოებაში ჩართვა შევძელით. თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ კი ყველანაირი იმედი გაქრა",- ამბობს მეჟგან რასტემი, ავღანური წარმოშობის ამერიკელი, რომელიც ნიუ-იორკში საპროტესტო აქციაზე იყო გამოსული.
ავღანეთში დარჩენილი ადამიანების ბედის გარდა, დემონსტრანტებს ისიც აშფოთებთ, რომ ქვეყანას ახალგაზრდა, ჭკვიანი ადამიანები ტოვებენ.
"სირცხვილია, რომ ავღანელისთვის განვითარების ერთადერთი გზა ქვეყნის დატოვებაა. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს, ისეთი ავღანელები, როგორიც, მაგალითად მე ვარ, შევძლებთ უსაფრთხოდ დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების ნაწილი გავხდეთ",- უთხრა "ამერიკის ხმას" რასტემმა.
აქციაზე გამოსულებს სურთ, რომ ამერიკამ თალიბანს საკუთარი საქციელის გამო აზღვევინოს და საშუალება მისცეს ავღანელებს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გაცემული ბრძანების მიხედვით, სამშაბათამდე უნდა დატოვონ. ორშაბათს, ქვეყნიდან, ადგილზე მყოფი მაღალი თანამდებობის დიპლომატების ევაკუაცია მოხდა.
Facebook Forum