ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის კოლონიაში რუსეთის სახელმწიფო არხების ყურებას აიძულებენ


ალექსეი ნავალნი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიცემულ პირველ ინტერვიუში, საპატიმროში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. რუსული ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ მას ციხის ადმინისტრაცია, დღეში რვა საატზე მეტს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის არხების ყურებასა და პროპაგანდისტული ფილმების ნახვას აიძულებს.

მოსკოვის აღმოსავლეთით, კოლონია #3-ში პოლიტპატიმარი „ფსიქოლოგიურ ძალადობას“ განიცდის. ნავალნი ამბობს, რომ ამ ძალადობაში დიდ ადგილს ტელევიზორის იძულებითი ყურება მოიცავს. ამ ყოველდღიური სესიის დროს, პატიმრისთვის აკრძალულია წერა, კითხვა, ძილი ან „ნებისმიერი სხვა რამის კეთება.“

„ვალდებული ხარ სკამზე იჯდე და ტელევიზორს უყურო“ - ამბობს ნავალნი.

ნავალნისთან ინტერვიუს ნაწილს „ნიუ-იორკ თაიმსი“ აქვეყნებს. პოლიტპატიმარი ამბობს, რომ დროის დიდ ნაწილს ციხის ეზოში ატარებს, კითხულობს წერილებს საკანში, სასადილოს მენიუში კი ხშირად არის ფაფა.

„ეს რაღაც ჩინური შრომითი ბანაკის მსგავსია, სადაც ყველა რიგში დგას და ყველგან ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. ყველაფერია ისეა ორგანიზებული, რომ 24 საათის განმავლობაში მაქსიმალური კონტროლის ქვეშ ვარ“ - ამბობს ნავალნი.

ნავალნი რუსეთის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ „პუტინის რეჟიმი“, როგორც „ისტორიული უბედური შემთხვევითობა“, კოლაფსისთვისაა განწირული.

„რუსეთი გადავა განვითარების დემოკრატიულ, ევროპულ გზაზე. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ისაა, რაც ხალხს სურს“ - ამბობს ნავალნი.

ამერიკული გამოცემა აცხადებს, რომ ნავალნისთან ინტერვიუ 54 გვერდია. მისი სრული ვერსია რუსულ ენაზე, ნავალნის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG