ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოშია. ის ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციას, „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაციას“ ესწრება.
საქართველოში ყოფნისას მიშელმა რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი მათგანი მოსამართლეების დანიშვნაა, რომელმაც ამერიკის და დასავლეთის მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მან მოსამართლეების დანიშვნის ფაქტს დაკარგული შესაძლებლობა უწოდა.
"ჩემი მთავარი მესიჯი, მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული პროგრესი პოლიტიკური და მართლმსაჯულების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ეს რეფორმა არის მთავარი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმების და ეს არის წინაპირობა ფინანსური დახმარების. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა", - თქვა მან.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ასევე ისაუბრა უმცირესობების უფლებებზე. მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რაც თბილისში, 5-6 ივლისს ხდებოდა. როგორც მიშელი ამბობს, ქართველ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს, სწორედ უმცირესობათა უფლებები იყო ერთ-ერთი იმ საკითხებს შორის, რაზეც მან დახურულ კარს მიღმა ყურადღება გაამახვილა.
"მე ხაზი გავუსვი ჩემს შეხვედრებში, მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი - პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში", - აღნიშნა შარლ მიშელმა.
მიშელმა, რომელიც ბათუმში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ერთიან სამომავლო გეგმებზე სასაუბროდაა ჩასული, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროკავშირი ამ სამ ქვეყანას თავის მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა, იქვე დაამატა, რომ ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე, სამივე ქვეყანამ რეფორმები უნდა გაატაროს და დარჩეს ერთგული დასავლური ღირებულებებისა.
"დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებლები უკვე 30 წელია - ერთი თაობა, ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიღწეული წინსვლითა და დაბრკოლებებით. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის - ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და არ ყოფილა ეს იოლი გზა... ამ აგრესიის პირობებში ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ...
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების კუთხით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და თქვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჩვენ, ყველას, გვესმის, ადამიანთა უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მცირე და საშუალო საწარმოები, პრესის დაცულობა არის ფასეულობები, რომელიც საუკეთესო გარანტიაა კეთილდღეობისთვის...", - თქვა მან.
შარლ მიშელის გარდა, ბათუმის კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
Facebook Forum