ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო ჩინეთს ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინეთს მოუწოდებს, ვირუსის თავდაპირველი გავრცელების შესახებ უფრო გამჭვირვალე იყოს. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ კოვიდ პანდემიის წარმოავლობის გამოძიებას ჩინეთის ქმედებები ხელს უშლის.

ჯანმოს ხელმძღვანელობით, სპეციალისტთა ჯგუფმა ჩინელ მკვლევრებთან ერთად, ვუჰანში ოთხი კვირა გაატარა. მარტში გამოქვეყნებულ ერთობლივ დასკვნაში კი წერია, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, ღამურიდან ადამიანზე სხვა ცხოველის გავლით გადავიდა. თუმცა, კომისიამ მაშინვე აღნიშნა, რომ მათ საჭირო ინფორმაციაზე სრული წვდომა არ ჰქონიათ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსის გავრცელების ლაბორატორიულ ინციდენტთან დაკავშირება ნაკლებად სარწმუნო ვერსიაა, თუმცა მეცნიერთა ნაწილი და ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის აშშ გამოძიებას არასრულად მიიჩნევს.

„ჩვენ ვთხოვთ ჩინეთს, ითანამშრომლოს, იყოს გამჭვირვალე და ღია. ჩვენ ვალდებულნი ვართ მილიონობით ადამიანის წინაშე, ვინც ვირუსით იტანჯება, ვინც დაიღუპა, - ვიცოდეთ რა მოხდა“ - აცხადებს გებრეიესიუსი.

ჩინეთი აბსურდულს უწოდებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ვირუსს შესაძლოა ვუჰანის ლაბორატორიიდან გაეღწია. პეკინი ამბობს, რომ საკითხის „პოლიტიზება“ ხელს უშლის გამოძიებას.

ჩინეთის საგარო უწყება, ჯანმოს ხელმძღვანელის მოწოდების პასუხად ამბობს, რომ გამოძიებასთან დაკავშორებული ზოგიერთი მონაცემის კოპირება, ან ჩინეთიდან გატანა ვერ ხერხდება, რადგან ის ადამიანთა პერსონალურ მონაცემებს მოიცავს.

ჩინეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრიც. იენს სპანი ჯანმოს ხელმძღვანელს გუშინ შეხვდა და შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა 307 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ქველმოქმედების შესახებ, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებისა და ტესტების მიწოდებას მოხმარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG