ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილობის მაჩვენებელმა ზრდა 10-კვირიანი კლების შემდეგ ისევ დაიწყო


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - ჯანმოს გენერალური დირექტორი
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - ჯანმოს გენერალური დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ ზედიზედ მეოთხე კვირაა ინფიცირების გლობალური მაჩვენებლები სტაბილურად იზრდება. კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილობამ კი 10-კვირიანი კლების შემდეგ, ისევ მატება დაიწყო.

პანდემიის ტენდენციების შეცვლის მიზეზად ჯანმო კორონავირუსის დელტა ვარიანტს მიიჩნევს, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს. დელტა ვარიანტი ახლა უკვე 104 ქვეყანაშია გავრცელებული.

ორშაბათს ჟენევაში (შვეიცარია) გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თქვა, რომ ჯანმოს ექვსი რეგიონიდან ხუთში ინფიცირების შემთხვევები მზარდია. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ასევე ამბობს, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც ისევ გაიზარდა, იმდენად, რომ ბევრგან, ლიმიტს მიაღწია.

ჯანმოს სპეციალისტები დელტა ვარიანტის ცირკულირების ტემპებიდან გამომდინარე თვლიან, რომ ის მალე მთელ მსოფლიოში დომინანტურ შტამად იქცევა. კორონავირუსის ეს ვარიანტი ისეთ ქვეყნებშიც სწრაფად ვრცელდება, სადაც კოვიდ-19-ზე იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლებია.

გებრეისუსმა მდიდარი ქვეყნები ისევ გააკრიტიკა იმისთვის, რომ მათთან ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებლები შეუდარებლად მაღალია. ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, არათუ ვაქცინების თანაბარი გადანაწილება არ ხდება, არამედ მთელ რიგ ქვეყნებში აცრაზე ხელი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებსაც კი არ მიუწვდებათ.




Facebook Forum

XS
SM
MD
LG