ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუჭავა და ღარიბაშვილი 5 ივლისის ძალადობას გმობენ


5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და რადიკალური ჯგუფების საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს.

„ჩვენ ისტორიულად, ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, 10-10 კაცი რომ ერთს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას“, - განაცხადა კახა კუჭავამ 6 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების წინ.

გუშინდელი ძალდობის შედეგად, დაშავებული 55 ადამიანიდან 53 ჟურნალისტია. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზეც ისაუბრა:

„მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო - ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯი არის მკაცრი რეაგირება. იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, გუშინ, თბილისი პრაიდის კონტრაქცია და იქ განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ყველა დამანშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს.

5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ„სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 5 ივლისს დაგეგმილი მარში გააუქმეს.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. მან თქვა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, რომელიც 5 ივლისს განხორციელდა ჟურნალისტებზე და ყველა დამნაშავე დაისჯება.

„მინდა პირველ რიგში, გითხრათ, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და მე მინდა საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე 3 პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა, ყველა პირი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა, შესაბამისად იქნება დასჯილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG