ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი მაიამიში ჩამოშლილი საცხოვრებელი სახლის სანახავად ჩადის


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლე ჯილ ბაიდენთან ერთად დღეს ფლორიდის შტატში ჩადის. ისინი მაიამიში, სერფსაიდის დასახლებაში მდებარე ჩამონგრეული მრავალსართულიანი სახლის დაღუპულ და დაკარგულ ბინადართა ოჯახის წევრებს შეხვდებიან და პატივს მიაგებენ ინციდენტში დაღუპულებს. პრეზიდენტი და პირველი ლედი ასევე მადლობას გადაუხდიან სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ეს დღეები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დაუღალავად მუშაობდნენ.

ადგილობრივი მერია აცხადებს, რომ დადასტურებულად დაღუპულთა რიცხვი 18-ს აღწევს, რომელთა შორის ორი ბავშვია. მაშველები უკვე ერთი კვირაა 145 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

"ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ერი და მთელი მსოფლიო გლოვობს დაღუპულთა ოჯახებთან ერთად. ჩვენ მათთან ერთად განვიცდით და ამავე დროს ყველა ერთად მათ გვერში ვართ... ყველა ერთად ვლოცულობთ დაკარგული საყვარელი ადამიანებისთვის" - თქვა გუშინ მაიამი-დეიდის მერმა დანიელა ლევინ კავამ.

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბის სამაშველო ოპერაცია ფლორიდის შტატში პირველად განხორციელდა, თუ არ ჩავთვლით გრიგალის და წყალდიდობის შემდეგ მობილიზაციის პროცესს. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მან იმ ხალხზე ისაუბრა, ვინც მოთმინებით ელის დაკარგული ოჯახის წევრებზე ინფორმაციას. "ეს ტკივილი და ეს ემოცია დავიწყებას არასდროს მიეცემა" - თქვა მან.

ფლორიდის საგანგებო სამსახურები ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. ისინი მომავალი კვირის დასაწყისში ტროპიკულ ციკლონს ელიან, რომელიც სამაშველო სამუშაოებს შეაფერხებს.

24 ივნისს მაიამიში 12-სართულიანი, 136-ბინიანი კორპუსის თითქმის ნახევარი ჩამოიქცა. შენობა ოკეანის ნაპირთან ახლოს მდებარეობდა. მომხდარის მიზეზები ჯერ დაუდგენელია. თვითმხილველები ყვებიან, რომ თავიდან შენობის შუა ნაწილი ჩავარდა და შემდეგ მისი ცალი მხარე ჩამოინგრა.

ფოტოები შემთხვევის ადგილიდან:

Facebook Forum

XS
SM
MD
LG