ლოს ანჯელესის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოსახლეობას საჯარო და დახურულ დაწესებულებებში პირბადეების გამოყენებას თხოვს. პირბადის გამოყენების რეკომენდაცია გაცემულია ყველაზე, განურჩევლად იმისა, არიან თუ არა ვაქცინირებულნი. მიზეზი, დელტა ვარიანტის მაღალი გავრცელებაა, რომელიც მარტივად და სწრაფად გადამდებია.
ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ ოლქში, ნიღბის ტარების შესახებ განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში ყოველი მეხუთე ინფიცირებული, ვირუსის დელტა ვარიანტითაა ინფიცირებული.
ნიღბის ტარების შესახებ რეკომენდაციის მიუხედავად, ლოს ანჯელესის ჯანდაცვის უწყების სპეციალისტები აცხადებენ, რომ „სრულად ვაქცინირებული ადამიანები, კარგად არიან დაცულნი დელტა ვარიანტისგან.“
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მკაცრად ურჩევენ მოსახლეობას დახურულ სივრცეებში, როგორიცაა სასურსათო, საცალო მაღაზიები; თეატრები და გასართობი ცენტრები, ასევე სამუშაო ადგილზე, თუ დარწმუნებულნი არ ხართ, რომ ყველა ვაქცინირებულია, - ატარეთ პირბადეები“ - ნათქვამია ლოს ანჯელესის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
ლოს ანჯელესის მთელს ტერიტორიაზე 1 249 560 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 24 500-ს აღწევს. მონაცემები ჯანდაცვის დეპარტამენტმა, პირბადის ტარების შესახებ რეკომენდაციის გაცემამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა.
ახალი კორონავირუსის დელტა ვარიანტი პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს და ახლა ბევრ ქვეყანაში ფართოდ ვრცელდება. ამერიკის დაავადებათ კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ დელტა ვარიანტი შესაძლოა სწრაფად გახდეს აშშ-ში დომინანტური.