ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კოვიდ-19-ით სიკვდილობა რეკორდულად იზრდება


რუსეთის ორ უდიდეს ქალაქში მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში, კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილობის მონაცემი რეკორდულად გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვა პანდემიის ახალ ტალღას ებრძვის.

28 ივნისს მოსკოვში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 124 იყო, პეტერბურგში კი - 110. მთლიანად რუსეთში ერთ დღეში კოვიდ-19-ის გამო 611 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ ჯამში 133 893 შეადგინა.

გაცილებით მაღალ მონაცემებს აჩვენებს სტატისტიკის ფედერალური სააგენტო, რომელიც აღრიცხვას ცალკე აწარმოებს. მათი მონაცემებით კოვიდ-19-თ გარდაცვლილია 270 000-მდე ადამიანი. თუმცა, რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ შეტყობინებები სააგენტოში არასათანადოდ იგზავნება და სინამდვილეში მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო მაღალია.

ახლადინფიცირების დადასტურებული რაოდენობა 28 ივნისს 21 650 იყო. აქედან მესამედი მოსკოვში დაფიქსირდა. სულ რუსეთში ინფიცირების 5 მილიონზე მეტი ფაქტია აღრიცხული. მოსკოვმა კარანტინის ზომები გაამკაცრა და ბიზნესებს უბრძანა აუცრელი თანამშრომლების 30% შინ გაუშვას.

ახალი ტალღის პირობებში ინფექციის სწრაფ ზრდას უკავშირებენ როგორც კორონავირუსის შედარებით ახალი ვარიანტების გავრცელებას, ისე ვაქცინაციის დაბალ ტემპებს. რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კოვიდ-19-ზე აცრისგან თავს იკავებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG